თბილისი (GBC) – ოქტომბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7%-ით არის გაზრდილი. 

საანალიზო პერიოდში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 22.5%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. PMCG-ის მონაცემების მიხედვით, დასაქმების ლეგალურ ბაზარზე იზრდება იმ პირების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც 2400 ლარზე მეტია - მსგავსი პირების ბაზრის 18.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, ოქტომბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28.1%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 52.6%-ით არის გაზრდილი. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარზე მეტ ხელფასს, შრომის ბაზრის 1.6%-ს შეადგენდა.

ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით შემცირებულია გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობაც. კერძოდ, თუკი ოქტომბერში 6965 ვაკანსია დაიდო jobs.ge-ზე, სექტემბერში ეს რაოდენობა 8000-ს აჭარბებდა. მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, jobs.geზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 0.3% შეადგინა.