თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ₾21.8 მლნ-ის გამოყოფა დაავალა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ (სსე) ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 6 სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით.
მთავრობის 945-ე განკარგულების თანახმად, აღნიშნული ფული მიიმართება დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების თანამონაწილეობაზე. მათ შორის არის 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები (ეგხ) „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი“ და „ჯვარი-წყალტუბო“, „ჩრდილოეთის რგოლი“ (ნამახვანი-წყალტუბო-ლაჯანური), „ხელედულა-ლაჯანური-ონი“, ასევე გურიისა და კახეთის ელექტროგადაცემის ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროექტები.
სსე–ს ინფორმაციით, 500 კვ ეგხ „ჯვარი-წყალტუბოს“ პროექტს თურქული კომპანია Bozlar Yapi ახორციელებს. პროექტზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო და მისი დასრულება 4Q27-ში იგეგმება. რაც შეეხება 220 კვ ელექტროგადამცემ ხაზებს „ხელედულა-ლაჯანური“ და „ონი-ლაჯანური“, მათ მშენებლობაზე €25.6 მლნ-ის ღირებულების ხელშეკრულება ინდურ KEC International Limited-თან არის გაფორმებული და სამუშაოები 2029 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების მასშტაბური საინვესტიციო პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის, სსე-სა და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) პარტნიორობით მიმდინარეობს.
პროგრამის ჯამური ბიუჯეტი €270 მლნ-ს შეადგენს, რაც მოიცავს გერმანიის მთავრობის (KfW-ს მეშვეობით) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებას, ასევე ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (EU NIP) $9.9 მლნ-ს ოდენობის გრანტს.
პროგრამა, რომლის რეალიზაციაც 2021 წელს დაიწყო და 2028 წელს სრულდება, ითვალისწინებს 7 ქვესადგურისა და 540 კილომეტრზე მეტი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-გაფართოებას იმერეთის, გურიის, რაჭის, სვანეთისა და კახეთის რეგიონებში.