თბილისი (GBC) – საქართველოში 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის" გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.

ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე,  სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე „ლიბერთი ბანკი" ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.

საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა.

„პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით,  „ლიბერთი ბანკმა" ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდეთ და გაუტოლდეს იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან მოყოლებული“, - განაცხადა სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, პროცენტის შემცირება შეეხება როგორც ოვერდრაფტებს, ასევე ჩვეულებრივ სესხებს და საუბარია საკმაოდ მაღალ პროცენტში აღებულ სესხებზე.

„პროცენტების შემცირება მოხდება იმ მსესხებლებისთვის, ვისაც სესხი აღებული აქვს  2023 წლამდე.  ჯამში, საუბარია 150 ათასზე მეტ სესხზე, რომელთა საშუალო საპროცენტო განაკვეთი 30%-ზე მეტია.  ვფიქრობ, „ლიბერთი ბანკის" მიერ მიღებული გადაწყვეტილება  სოციალურად საკმაოდ მნიშვნელოვანია და აღსანიშნავია, რომ ამავდროულად თვითონ „ლიბერთი ბანკის" ფინანსურ მდგომარეობას არ გააუარესებს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ  გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული", - თქვა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით,  სები ინტენსიურად იმუშავებს  „ლიბერთი ბანკთან" კონკრეტულად ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესზე, თუ რომელი თარიღიდან ამოქმედდება ეს გადაწყვეტილება და რა წესით მოხდება პროცენტების შემცირება.