თბილისი (GBC) –  სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ რეგულატორის ხელთ ყველა ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში კურსი დაასტაბილუროს.

„თუ ვხედავთ კურსის ჭარბ მერყეობას და არაეკონომიკური ფაქტორების გავლენას ლარზე, სებს ხელთ ყველა ბერკეტი არსებობს საჭიროების შემთხვევაში ჩარევისთვის“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ბაზარზე ცალკეული აჟიოტაჟური მერყეობაა, მაგრამ როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ლარის კურსზე ზეწოლაც მოიხსნება.

მისივე განცხადებით, ამ პერიოდისგან განსხვავებით, წინასაარჩევნო პერიოდში, გაუარესებული მოლოდინების გამო ძალიან ხისტი მოთხოვნა იყო დოლარზე და  მიწოდება პრაქტიკულად შეწყდა. დღეს ბაზარი დაბალანსებულია, დინამიკურია. უცხოური ვალუტის მყიდველიც და გამყიდველიც არის  და ბაზარიც ნელ-ნელა სტაბილიზაციას განიცდის.

„არაეკონომიკური ფაქტორები ბუნებრივია არსებობს, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ დღესდღეობით ჩვენი ჩარევა იყოს საჭირო. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ინტერვენციის ბერკეტი ჩვენს ხელშია და საჭიროების შემთხვევაში, მანდატით მონიჭებულ უფლებას კვლავ  გამოვიყენებთ და დავეხმარებით ბაზარს", - აღნიშნა სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

"ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები" ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის  მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ შემდეგი სამი წლისთვის და დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. "მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში" მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გატარებისას იყენებს.