თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) საქართველოს ბანკის აღმასრულებელ მენეჯმენტში ცვლილებებზე აცხადებს, რომელიც მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში.

კერძოდ, ვალერიან გაბუნია, რომელიც ამჟამად მცირე და საშუალო ბიზნეს (SME) საბანკო მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას იკავებს, 2026 წლის 1–ლი ივლისიდან დაწინაურდება და ბანკის პრემიუმ საბანკო მიმართულებას უხელმძღვანელებს.

ეთერ ირემაძე, დირექტორის მოადგილე (Deputy CEO), რომელიც 2021 წლიდან ზედამხედველობდა პრემიუმ საბანკო ბიზნესს, იმავე თარიღიდან დატოვებს თანამდებობას.

„მსურს ვალერიანს მივულოცო ეს სრულიად დამსახურებული დაწინაურება. ის არის გამოცდილი და შედეგზე ორიენტირებული ბანკირი, რომელსაც საქართველოში საცალო და პრემიუმ საბანკო სფეროში სხვადასხვა აღმასრულებელ პოზიციაზე მუშაობის გამორჩეული კარიერა აქვს. მას შემდეგ, რაც 2023 წელს ჩვენს SME გუნდს შეუერთდა, მან წარმატებით უხელმძღვანელა საშუალო ბიზნესის სეგმენტის ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ პოზიციაზე ის ახალ ხედვებს შემოიტანს და გააგრძელებს ძლიერი შედეგების მიღწევას”, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, ჯგუფისა და ბანკის CEO.

ამავე დროს, ის მადლობას უხდის ირემაძეს მრავალწლიანი თავდადებული სამსახურისთვის. “მისი წვლილი ჩვენი ორგანიზაციის განვითარებაში ფასდაუდებელია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინიციატივების ზედამხედველობისა და ქვეყნის წამყვანი mass affluent (მაღალი-საშუალო შემოსავლის მქონე კლიენტების) სეგმენტის შექმნის მიმართულებით“, - აცხადებს ის.

ბანკის პრემიუმ მომსახურება ორ მიმართულებას აერთიანებს, SOLO ბანკინგსა და Wealth Management-ს, რომელიც დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებას წარმოადგენს. 

გაბუნია 2022 წლამდე ამჟამად სანქცირებული VTB ბანკის საცალო მიმართულების დირექტორი იყო.