თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიო წესრიგი დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო გარემო იცვლება და ამ გამოწვევებთან გამკლავება კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს. 

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის კონფერენციაზე თქვენ წინაშე წარვდგე და კონფერენციის უაღრესად პატივსაცემ მონაწილეებს მოგმართოთ. 50 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის პირველი კონფერენცია გაიმართა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ბრძოლას ტრადიციული ღირებულებების დასაცავად. თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებული და მოსალოდნელი გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად. მსოფლიო წესრიგი დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო გარემო იცვლება და ამ გამოწვევებთან გამკლავება კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს. ერთად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მოვლენების დადებითი მიმართულებით განვითარებას". - განაცხადა პრემიერმა.