თბილისი (GBC) – შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო პუნქტის ავლით, მანქანაში სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაა.
შსს-ის განცხადებით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილი სომხეთის ტერიტორიაზე მოხვდა, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.
გიორგი ბაჩიაშვილს მესამე ბრალი წარუდგინეს — თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებიან. პროკურატურა ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
დადგენილება ადვოკატმა ჩაიბარა.
აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ოთხშაბათს, 5 მარტს იმსჯელებს.
4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა დაწერა, რომ საქართველოდან წავიდა.
იმავე საღამოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა „ტვ პირველის” გადაცემა „რეაქციაში“ თქვა, რომ საქართველოდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც” გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ ორივე პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა, ქვეყნის დატოვება მოახერხა.
გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის 2 საქმის წარმოება მიმდინარეობს. ორივე საქმეზე მას გირაო აქვს შეფარდებული. ჩამორთმეული ჰქონდა ორივე პასპორტი – საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობის.
გიორგი ბაჩიაშვილისთვის თავდაპირველი წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ერთეული ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე კურსით კი მისი ღირებულება $860 მლნ–ს აჭარბებს.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
მეორე ბრალდება კი 25 თებერვალს, „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წაუყენეს. აღნიშნული ბრალდებით უწყება მას სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავება. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, 2014 წლის ნოემბერში, „თანაინვესტირების ფონდმა“ კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგთან“ წერილობითი შეთანხმება გააფორმა და კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების, ასევე არსებული აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე პასუხისმგებლობა აიღო. განცხადებაში წერია, რომ იმავე წელს კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგმა“ გიორგი ბაჩიაშვილის ინიციატივით შპს „მტკვარი ჰესის“ წილი შეიძინა.