თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.5 მილიონი შემოსვლა, რაც 1.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.3 მილიონი შეადგინა, რაც 1.5 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.1 მილიონს მიაღწია, რაც 3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 6.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 74.9% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 21% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.1 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2023 წლის IV კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 234.6 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 21.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 20.7%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 14.4%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (315.2 ათასი), რუსეთის ფედერაციის (269.4 ათასი) და სომხეთის (226.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა, 48.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 37.1 პროცენტს შეადგენდა.
2023 წლის IV კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (46.7 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 655.3 ათასი და 523.4 ათასი ვიზიტი.
2023 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის IV კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.5 ღამე) 9.3 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 75.2 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2023 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 7.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით 9 პროცენტით გაიზარდა და 2 028.1 ლარი შეადგინა.