თბილისი (GBC) – ციურიხის სასტუმრო Dolder Grand–ში 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს ევროპის საბანკო სფეროს 40 ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლის სამდღიანი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Financial Times წერს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შვეიცარიის ფინანსთა მინისტრი კარინ კელერ–სუტერი და ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი თომას იორდანი.

შეხვედრას, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ ვრცელდებოდა, ორგანიზება გაუკეთა საკმაოდ გავლენიანმა ორგანიზაციამ, რომლის არსებობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი – საბანკო კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა (Institut International d'Etudes Bancaires, IIEB). როგორც FT წერს, ეს ევროპელი ფინანსისტების ყველაზე გასაიდუმლოებული კლუბია, სადაც ბანკების ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ხვდებიან – პრეზიდენტებს, პრემიერ–მინისტრებს, მეფეებს, ასევე ცენტრალური ბანკების თავმჯდომარეებს.

„ეს დავოსი არ არის, სადაც ნებისმიერს შეუძლია წევრობის ყიდვა“, – უთხრა FT-ს IIEB–ის ერთ–ერთმა წევრმა.

IIEB 1950 წელს პარიზში დაფუძნდა. მისი დამაარსებლები არიან საფინანსო ორგანიზაციების Crédit Industriel et Commercial, Union Bank of Switzerland, Société Générale de Belgique და Amsterdamsche Bank ხელმძღვანელები. მათი მიზანი იყო, საბანკო სექტორში და ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები რეგულარულად განეხილათ უმაღლეს დონეზე.

ევროპის უმსხვილესი ბანკების ხელმძღვანელები 73 წლის განმავლობაში იკრიბებოდნენ ფეშენებელურ სასტუმროებსა თუ სამეფო სასახლეებში და განიხილავდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა შერწყმა–გაერთიანებაზე გარიგებების დადება, გლობალური პოლიტიკის შემუშავება და სხვ. IIEB არა მხოლოდ იდეების გაცვლის ადგილია გავლენიანი ფინანსისტებისთვის, არამედ ელიტური კლუბია, რომლის წევრებიც კერძო ექსკურსიებში მონაწილეობენ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებში, წერს FT.

IIEB–ს არ გააჩნია საიტი, კლუბის წევრების, შეხვედრების თემების და სხდომების პროტოკოლის შესახებ ინფორმაცია არ ქვეყნდება. წევრებს რეკომენდებული აქვს, არ ისაუბრონ განხილვების დეტალების შესახებ, წერს ბრიტანული გამოცემა. კლუბის საქმიანობა მედიაში პრაქტიკულად არასოდეს გაშუქებულა მისი 73–წლიანი ისტორიის მანძილზე.

კლუბის მაღალი რანგის სტუმრებს შორის სხვადასხვა დროს იყვნენ ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი მედვედევი (კლუბი 2013 წელს სენკტ–პეტერბურგში შეიკრიბა, როდესაც მედვედევი რუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ეს კლუბის ერთადერთი შეხვედრა იყო რუსეთის ტერიტორიაზე), თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა და სხვ.