თებერვალში, დიდ ბრიტანეთში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ინდექსმა 10.4% შეადგინა. ეს მაჩვენებელი  მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. აშშ-ში თებერვლის ინფლაციამ 6%, ხოლო ევროზონაში 8.5% შეადგინა.

BBC-მ გამოიკვლია ამ მოცემულობის მთავარი გამომწვევი მიზეზები. გამოცემა ინფლაციის ზრდას 3 ძირითად ფაქტორს უკავშირებს:

1. სურსათზე ფასის ზრდა:

სურსათზე ფასების ზრდის თებერვლის წლიურმა ინდექსმა ბრიტანეთში 18.2% შეადგინა. გამოცემის ინფორმაციით ამ ფაქტს ხელი შეუწყო სალათისა და ბოსტნეულის დეფიციტმა. პომიდორი, წიწაკა და კიტრი - ეს ის დეფიციტური პროდუქტია, რომელიც ქვეყანას ესპანეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან შეაქვს, სადაც ცუდი ამინდის გამო მოსავლიანობა შემცირდა.

ფერმერთა ეროვნული კავშირის (NFU)- განცხადებით დეფიციტს დაემატა ენერგიის მაღალი გადასახადები, რამაც ფერმერებს უბიძგა შეემცირებინათ და ხშირ შემთხვევებში უარი ეთქვათ გარკვეული კულტურების წარმოებაზე.

2. გაზის საბითუმო ფასი:

ენერგიაზე გადასახადები გლობალური პრობლემაა. ეს პრობლემა რუსეთ-უკრაინის ომმა წარმოშვა. ექსპერტები აზრით, ბრიტანეთი გაზის საბითუმო ფასის ზრდისას წამყვან ეკონომიკებში ყველაზე სენსიტიური ქვეყანაა.

ჯონათან ჰასკელი, ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთი ენერგეტიკული ფასების მიმართ „ყველაზე მგრძნობიარე ქვეყანაა“.

3. მუშახელის დეფიციტი და ხელფასების ზრდა:

მუშახელის დეფიციტი ბრიტანეთში ინფლაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. პანდემიის დროს ყველა ქვეყანამ იგრძნო სამუშაო ძალის შემცირება.

მიუხედავად ამისა წამყვანი ეკონომიკების უმეტესობა გამოვიდა ამ კრიზისიდან. თუმცა დღეის მდგომარეობით ბრიტანეთში 400,000 ადამიანით მეტი უმუშევარია, ვიდრე 2019 წლის დეკემბერში.

ევროპული რეფორმირების ცენტრისა კვლევა აჩვენებს, რომ ბრექსიტის შედეგად, დიდ ბრიტანეთში 330,000-ით ნაკლები თანამშრომელია. ბრექსიტის შედეგად დარტყმა მიადგათ ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტრანსპორტირება, სტუმარმასპინძლობა და საცალო ვაჭრობა.