თბილისი (GBC) – რუსეთში მოქალაქეთა სოციალური რეიტინგის სისტემა ამუშავდა, რომელმაც სახელმწიფოსთვის ადამიანების სარგებლიანობა, მისი პირადი პერსპექტივები უნდა შეაფასოს. სოციალური პროექტი „ჩვენ“ რუსეთის სახელმწიფო სოციალურმა ინსტიტუტმა შეიმუშავა, წერს გამოცემა „ვესტი ობრაზოვანია“.
ამ ეტაპზე პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. საკუთარი სოციალური სტატუსის მიმდინარე შეფასების მისაღებად აუცილებელია ანკეტირება. როგორც ტელეგრამ–არხი Sota აღნიშნავს, ანკეტაში შემდეგი მონაცემები უნდა შეიყვანონ: განათლება, ჰყავს თუ არა შვილები, შემოსავლის წყაროები, შეღავათები, აღებული კრედიტების მოცულობა, ნასამართლობა, სოციალურ ქსელში ანგარიშის ქონა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, სახელმწიფო ჯილდოები, ენების ცოდნა, სპორტისადმი მიდრეკილება, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სხვ.
გამოკითხვის შემდეგ სისტემა დებს დასკვნას, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება: პირველი – ადამიანის სოციალური სტატუსი, ან მისი „დამსახურება“ მიმდინარე პერიოდში, მეორე – მისი სოციალური დონე, ანუ მისი პერსპექტივების შეფასება სახელმწიფოსთან მიმართებით. რჩევებზე, თუ როგორ უნდა გაიუმჯობესო სოციალური სტატუსი, პლატფორმა ფულს არ ითხოვს.
საიტზე „ჩვენ“ ნათქვამია, რომ „სოციალური რეიტინგის ციფრები არანაირად არ აისახება ცხოვრებაზე, მომსახურებებზე წვდომაზე და კარიერულ ტრაექტორიაზე. მაგრამ რა იცი, რა იქნება ეს ციფრები თქვენთვის მომავალში?..“.