თბილისი (GBC) - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), 4Q25-ში, 3 შემთხვევაში კანონის მოთხოვნების დარღვევისა და კონცენტრაციების სააგენტოსათვის შეტყობინების წარდგენის გარეშე განხორციელების ფაქტი გამოავლინა. მათ შორის, დარღვევები დადგინდა შპს „აითიენის" მიერ შპს „ჰორეკა დელივერისა" და შპს „გასტრონომ საქართველოს" 20%-იანი წილების შეძენის, ასევე ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ შპს „მცხეთის სამედიცინო ცენტრის" (ახლა უკვე შპს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი-მცხეთა") 40%-იანი წილის შეძენის ფაქტებზე.

სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული სამი კონცენტრაციის ფაქტზე შესაბამისი ვალდებულების მქონე პირებს ჯამურად 70 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

აღნიშნული სამი შემთხვევიდან ორში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირი იდენტური იყო.  მათ განხორციელებული კონცენტრაციების თაობაზე შეტყობინების სააგენტოში წარდგენა დაევალათ.

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირები ჯარიმდებიან.

GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, ₾20 მლნ-ს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი ₾5 მლნ-ზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

GCCA-ის მიერ 2025 წელს თანხმობა გაიცა 18 კონცენტრაციაზე, 1 შეტყობინებასთან დაკავშირებით კი საქმის შესწავლა მიმდინარე რეჟიმშია.