თბილისი (GBC) – საქართველოში ჰორეკა სექტორი ისტორიაში ყველაზე მჭიდროდ მიუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს, დროსთან ერთად შეიცვალა ბაზარზე არსებული მდგომარეობა. ქვეყანაში ახლა უფრო მეტი მოთამაშე და საერთაშორისო ბრენდია წარმოდგენილი, იცვლება მომხმარებლის სეგმენტიც, თუმცა, სექტორში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების დეფიციტი რჩება. საერთაშორისო ბრენდები, მაგალითად, როგორიცაა საქართველოში Marriott International-ის ბრენდის ქვეშ გაერთიანებული სასტუმროები, (Tbilisi Marriott, Courtyard by Marriott, და Moxy) კადრებს თავად ამზადებენ. ამას სხვა პატარა ბრენდები ვერ ახერხებენ, რაც საბოლოო პროდუქტზე და ხარისხზე უარყოფითად ისახება.
იმისათვის, რომ დაგვედგინა, რა ვითარებაა ამ მხრივ ქართულ ბაზარზე, GBC ესაუბრა GMT Group-ის მარიოტის სასტუმროების პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის მენეჯერს მარიამ ფხაკაძეს. აღსანიშნავია, რომ GMT Group-ის მარიოტის სასტუმროებს ეკუთვნის სამი ობიექტი, „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და „მოქსი თბილისი“. აქედან, Tbilisi Marriott-ში სულ – 127 ნომერია და საშუალოდ დატვირთულია - 85%-ით და მეტით, Courtyard by Marriott-ში – 118 ნომერი - საშუალოდ დატვირთულია 70% -ით და მეტი, Moxy Tbilisi-ში – 130 ნომერი, - საშუალოდ დატვირთულია - 60% -ით და მეტი. როგორც მარიამ ფხაკაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, სტუმრების რაოდენობის მიხედვით ყველაზე აქტიური ქვეყნების ხუთეულში შედიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, აშშ, გერმანია, ჩინეთი და ინდოეთი.
ამასთან, „თბილისი მარიოტს“ აქვს კაფე/რესტორანი „პარნასი“, ასევე ლობი–ბარი და სიგარ ლაუნჯი. ქორთიარდ მარიოტს აქვს ერთი რესტორანი „Brasserie“, ხოლო „მოქსის“ აქვს მრავალფუნქციური ლობი, NOW BAR, რომელიც ასევე წარმოადგენს Co-Working სივრცესაც, რაც შეეხება მენიუს, მარიამ ფხაკაძის განმარტებით, „Parnas-ის მენიუ არის ფიუჟენი ქართულ–ევროპული კერძების, თუმცა ახლა თანდათან გვინდა აზიური კერძებითაც დავტვირთოთ ჩვენი მენიუ. რაც შეეხება ქორთიარდ მარიოტს, აქ აქცენტები შეგხვდებათ უფრო იტალიური მენიუსკენ. მოქსიში მარტიდან გვემატება სუში, რომელიც ლანჩის საათებში (12:00 – 15:00) იქნება ხელმისაწვდომი. ასევე მოქსის აქვს ცალკე მენიუ ძალიან გემრიელი კერძებითა და განსაკუთრებული კოქტეილებით“.
მარიამ ფხაკაძეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი ეფექტური და მომგებიანი ინდუსტრიაა და მას ბევრი სარგებელი მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც წინ უდგებიან, ან დროებით აფერხებენ სექტორის განვითარებას.
„უდიდესი გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა სასტუმროების სექტორი და ზოგადად ტურიზმი, იყო პანდემია, რომელმაც სრულიად ამოატრიალა ჩვენი ცხოვრების რიტმი და სტილი. არ არსებობს ინდუსტრია ან ბიზნესი, რომელსაც მას გავლენა არ მოუხდენია, თუმცა მაშინ, როდესაც სხვა სექტორებში პანდემიის ეფექტი არათანაბრად იყო გადანაწილებული, ტურიზმის სფერო ერთიანად დიდი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა. პანდემიის პერიოდში საკმაოდ დიდი იყო სახელმწიფოს ჩართულობა ჰორეკა ბიზნესის გადასარჩენად, რაც აისახა სახელმწიფოს მიერ გაწეულ სუბსიდირებაში. ასევე დიდი დახმარება გაუწია Marriott International-მა ბრენდის ქოლგის ქვეშ მყოფ სასტუმროებს და საკუთარი სერვისების საფასური 30% -ით, რიგ შემთხვევაში უფრო მეტადაც შეამცირა და გამოყო გარკვეული ფინანსური დახმარება თანამშრომლებისთვის. ამ ეტაპზე მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა სასტუმროებმა 2023 წლის ბოლოს შეძლეს საკმაოდ კარგი მაჩვენებლების ჩვენება და რიგ შემთხვევებში 2019 წლის შემოსავლების მაჩვენებლებთან გათანაბრება, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელსა და 2022 წელს გაზრდილმა ინფლაციის ინდექსმა, პროდუქტის გაძვირებამ და ლეიბორ მარკეტზე ფასების მატებამ გავლენა იქონია მოგების მარჟაზე. ჩვენ მუდმივად ვკურირებთ ბაზარზე მოთხოვნის და მიწოდების დინამიკას, STR-ისა და RevPar-ის მაჩვენებლებით საკმაოდ ამაყად ვართ წარმოდგენილები ბაზარზე, რაც გვაძლევს იმის დასტურს, რომ ჩვენი სტრატეგია სწორი მიმართულებით ვითარდება. 2024 წელი საკმაოდ საიმედო ჩანს ჰორეკა სექტორისთვის და ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რათა საგრძნობლად გადააჭარბოს პანდემიამდელი პერიოდის ეკონომიკურ მაჩვენებლებს“, – მოგვითხრობს მარიამ ფხაკაძე.
კითხვაზე, როგორ იცვლებოდა მასპინძლობის სფერო საქართველოში განვლილი ორი ათწლეულის განმავლობაში, მარიამ ფხაკაძემ გვიპასუხა, რომ საქართველოში არსებულ თითოეულ რეგიონს საკმაოდ სოლიდური ტურისტული პოტენციალი გააჩნია. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს არაერთი ბუნებრივ-კულტურული, ისტორიული თუ რელიგიური ფასეულობის მქონე ძეგლი. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, რეგიონის გრძელვადიანი განვითარებისათვის ტურისტული პოტენციალი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი. ამასთან, საქართველოში სასტუმროების ბიზნესი წარმატებულად ვითარდება და ეს როგორც სასტუმროების რაოდენობაში, ასევე მათ ხარისხში აისახება. ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. განვითარების შეუქცევად დინამიკასთან ერთად ჩნდება ახალი სასტუმროების აშენების საჭიროება. სტუმრების დიდი ნაკადების მობილიზებისათვის, საჭიროა საჰაერო მიმოსვლის კიდევ უფრო მხარდაჭერა და გაუმჯობესება, რაც მეტ პირდაპირ საერთაშორისო რეისს ნიშნავს, ამის დასტური საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნის მუდმივი ზრდაა.
ამასთან, კითხვაზე, რით განსხვავდება ქართული და ევროპული მასპინძლობის სფერო ერთმანეთისგან და რამდენად ახლოს ვართ ევროპულ სტანდარტებთან, მარიამ ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ჰორეკა სექტორში როდესაც წარმოადგენ Marriott International-ის ბრენდის სასტუმროს, სერვისის სტანდარტები ძალიან მიახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან.
„არ ვიქნები თავმდაბალი და ზოგ შემთხვევაში უკეთესიც კი. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვაზე და მათ შენარჩუნებაზე. ვატარებთ თანამშრომლების ხშირ გადამზადებას, ასევე შიდა აუდიტს, გარდა ამისა მარიოტის საერთაშორისო აუდიტორთა გუნდი ადგილზე ვიზიტით ამოწმებს მიმდინარე ვითარებას. ამასთან მარიოტის ქსელში არსებულ EMEA რეგიონში მოწინავე შეფასება გვაქვს სერვისის სტუმართა შეფასების სისტემაში, რითაც ძალიან ვამაყობთ და ვცდილობთ დაკავებული პოზიციები არ დავთმოთ. ამას რა თქმა უნდა ვერ შევძლებდით ჩვენი გამოცდილი და ერთგული თანამშრომლების გარეშე“, – ამბობს მარიამ ფხაკაძე.
GBC ასევე ესაუბრა მირა-ჰოტელსის დირექტორის მოადგილეს დიმიტრი შველიძეს, მისი განმარტებით, მირა-ჰოტელსში სულ 24 ნომერია და საშუალოდ 70% -ით არის დატვირთული, რომელსაც სტუმრობენ ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ყაზახეთი, თურქეთი, რუსეთი. სასტუმროში განთავსებულია 2 რესტორანი, მენიუ არის მრავალფეროვანი, შედგება როგორც ქართული კერძებისგან, ასევე საავტორო და ევროპული გასტრონომიული ნიმუშებისგან.
„სასტუმრო ბიზნესი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ძალიან სენსიტიურია გლობალურად მომხდარ არეულობებზე, მათ შორის ისრაელში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც ასევე გადმოეცემა ჩვენ რეგიონს და ევროპის სეგმენტს აშინებს. 2019 წლის მონაცემებს დაწევა ასე თუ ისე გვაქვს გეგმაში ამ წელს, თუმცა პანდემიის შემდეგ ჯავშნების მიღება და დაგეგმვა უკვე ბოლო წუთს ხდება, ასე რომ წინასწარი გათვლა სეზონის საკმაოდ რთულია“, – აღნიშნა დიმიტრი შველიძემ.
მისივე თქმით, 2004 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში დაიწყო ძირეული ცვლილებები, ტურიზმიც ნელ-ნელა ამუშავებას იწყებდა. ინფრასტრუქტურა, ქვეყნის სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია, სტუმარმასპინძლობის სფეროში გაჩენილი სპეციალისტები, გადამზადებული კადრები, ქსელური სასტუმროების შემოსვლა, კურორტების განვითარება და უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოპოვება/შენარჩუნება იყო ამოსავალი წერტილი.
„ვფიქრობ, ამ ეტაპზე მარკეტინგული განვითარება ჩრდილო და დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე არ ხდება. აქცენტი ჩინეთ-ინდოეთისკენაა მიპყრობილი, რომელიც ასე სწრაფად ვერ შექმნის ამინდს და ამასთან, მხარჯველობითი უნარიანობით ჩამოუვარდებიან ევროპას და ამერიკას“, – გვითხრა დიმიტრი შველიძემ.
GBC ასევე ესაუბრა სასტუმრო „ეპიზოდის“ დირექტორს ნიკო ჩერქეზიშვილს. თბილისში, საბურთალოზე მდებარე სასტუმრო „ეპიზოდი“ 120 ნომრითაა წარმოდგენილი, რომელიც საშუალოდ 70%-ით არის დატვირთული. აქ განთავსებულია 1 რესტორანი, რომელიც ხასიათდება ევროპული და აზიური სამზარეულოთი.
„მასპინძლობის სფერო საქართველოში განვლილი ორი ათწლეულის განმავლობაში ნელი ტემპით ვითარდება, თუმცა იცვლება. ჩნდება ახალი კომპანიები, ახალი შეთავაზებები და გამოცდილებები ვიზიტორებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს ტემპი არ არის საკმარისი. ამასთან, ქართული მასპინძლობის სფერო გამორჩეულია და ევროპულს რიგ საკითხებში უსწრებს კიდეც, მაგრამ გვაქვს კვალიფიციური მუშა ხელის დეფიციტი, რაც საბოლოო პროდუქტზე და ხარისხზე უარყოფითად აისახება“, – ამბობს ნიკო ჩერქეზიშვილი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო მონაცემებით, სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების და ვიზიტორების განთავსების სხვა ადგილების რაოდენობა ქვეყანაში ჯამში 3 176 ერთეულს შეადგენს. განთავსების ადგილებში ოთახების რაოდენობა სულ 51 850-ს, ხოლო ოთახებში ჯამურად 124 030 საწოლი დგას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტორების განთავსების ობიექტების რაოდენობის ყველაზე მეტი წილი სამეგრელო-ზემო სვანეთზე მოდის. სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების და განთავსების სხვა ადგილების რაოდენობა აქ 598 ერთეულია. ოთახების რაოდენობა - 3 841. ხოლო, საწოლი ადგილების რაოდენობა 9 626-ს შეადგენს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2023 წლის 4 ოქტომბრის მონაცემებით, განთავსების ობიექტების რაოდენობა ტიპების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: სასტუმროს კატეგორიაში განთავსების რაოდენობა 1 218 ერთეულს შეადგენს. სასტუმროებში ოთახების რაოდენობა ჯამში 35 909 გახლავთ, ხოლო აქედან საწოლი ადგილების რაოდენობა 81 250 ერთეულია.
საქსტატის მონაცემების თანახმად, სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჰარმონიზებული ინდექსი საქართველოში თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 0.3 პროცენტით არის გაზრდილი, მაშინ როდესაც, საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში თურქეთში, თურქსტატის ოფიციალური მონაცემებით, თებერვალში რესტორნებისა და სასტუმროების ფასები თითქმის გაორმაგდა და 94,78%–ით გაიზარდა. თურქეთში წლიური ინფლაცია კვლავ დაჩქარდა და 67,07% შეადგინა. იანვარში ეს მაჩვენებელი 64,86% იყო.