თბილისი (GBC) - ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ამერიკულ კომპანიასთან Big Sky Ranch Inc თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი (Lisa Perrotti-Brown) ეწვია, რომელიც ქართულ ღვინოსა და მეღვინეობაზე სტატიას ამერიკულ გამომცემლობისთვის - The Wine Palate მოამზადებს.
ლისა პეროტი-ბრაუნი ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს კახეთში ესტუმრა, ადგილზე დააგემოვნა მრავალფეროვანი ქართული ღვინოები, გაეცნო ღვინის დაყენების ქართულ ტექნოლოგიებს.
თბილისში, ორი დღის განმავლობაში, სპეციალურ დეგუსტაციაზე ლისა პეროტი-ბრაუნმა სხვადასხვა ღვინის კომპანიის 100-მდე ღვინო დააგემოვნა. ღვინის მაგისტრის მიერ შერჩეულ ღვინოებზე შეფასებები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება The Wine Palate-ის სტატიაში.
ცნობილ ამერიკელ ღვინის მაგისტრთან თანამშრომლობის მიზანია, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი ღვინის მაგისტრი ასევე შეხვდა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, ლევან მეხუზლას, რომელთანაც სპეციალური ინტერვიუ ჩაწერა ქართული მეღვინეობის კულტურისა და დარგის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.
„ეს საქართველოში ჩემი მე-3 ვიზიტია; პირველად 12 წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ, რაც პირველად ვეწვიე საქართველოს, ვფიქრობ, რომ ქართულმა ღვინოებმა დიდი გზა გაიარა, საგრძნობლად განვითარდა და უფრო მეტად საერთაშორისო გემოვნებაზე ორიენტირებული სტილები შეიმუშავა. საწარმოების სანიტარიული პირობები, მათ შორის, როგორ იწმინდება ჭურჭელი, ასევე ღვინის დამზადების პროცესიც, საგრძნობლად გაუმჯობესდა. ძალიან ბევრი მშვენიერი, ნათელი, სუფთა, გამომსახველი ღვინო იწარმოება საქართველოში ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან, რაც მიმაჩნია რომ მართლაც ძალიან შთამბეჭდავია“, - აღნიშნა ლისა პეროტი-ბრაუნმა.
ონლაინ გამოცემა The Wine Palate (ღვინის გემო) მოიცავს ექსპერტების მიერ შეფასებული ღვინოების მონაცემთა ბაზას მთელი მსოფლიოდან, განახლებადი ახალი მიმოხილვებით. საიტი შექმნილი, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს, ადვილად იპოვონ სასურველი ღვინოების სტილი და, ამავდროულად, გაიუმჯობესოს ღვინის დაგემოვნების გამოცდილება. ლისა პეროტი-ბრაუნი ძირითადად ამერიკულ და ბორდოს ღვინოებს, ასევე, შამპანურს მიმოიხილავს, რასაც შემოდგომაზე ქართული ღვინოებიც დაემატება. ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი ღვინის ინდუსტრიაში 25 წელზე მეტია მოღვაწეობს.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.