თბილისი (GBC) - დღეიდან, 2026 წლის პირველი აპრილიდან, საქართველოში ძალაში შევიდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იკრძალება პლასტმასის ერთჯერადი ჩანგლების, დანების, თეფშებისა და სხვა მსგავსი ნივთების გაყიდვა. ამავე დღიდან, სახელმწიფო უწყებებს ასევე შეეზღუდათ პლასტმასის ბოთლებში დაფასოებული სასმელების შესყიდვა.

აკრძალული ნივთების სრული ჩამონათვალი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, აკრძალვა ეხება შემდეგ პროდუქციას:

  • ჩანგლები, დანები, კოვზები და ჩხირები
  • თეფშები, საწრუპები და სასმლის მოსარევები
  • პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები, ჭიქები და მათი თავსახურები.

აღსანიშნავია, რომ ამ ნივთების იმპორტი და წარმოება ქვეყანაში 2026 წლის იანვრიდან უკვე აკრძალული იყო, დღეიდან კი შეზღუდვა სარეალიზაციო ქსელზეც გავრცელდა.

კიდევ ერთი სიახლე სახელმწიფო უწყებებს ეხება: მათ ეკრძალებათ პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების სახელმწიფო შესყიდვა. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ თავდაცვის ძალების საჭიროებებისთვის.

სანქციები და კონტროლი

რეგულაციის დარღვევა გამოიწვევს ბიზნესის დაჯარიმებას:

  • პირველ ჯერზე - 1 000 ლარი და პროდუქციის კონფისკაცია
  • განმეორებით - 2 000 ლარი და პროდუქციის კონფისკაცია

კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური განახორციელებენ. შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პროდუქციაზე, რომელიც საქართველოში ექსპორტის მიზნით იწარმოება.