თბილისი (GBC) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირებისთვის პირველი უსაფრთხოების ავტორიზაცია გასცა. ავტორიზაცია გადაეცა კომპანია „თბილისი დრაი პორტს", რომელიც მისასვლელი ლიანდაგით სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ოპერირებას მაისიდან იწყებს. 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან მისასვლელი ლიანდაგის მფლობელები, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირებისთვის უნდა ფლობდნენ უსაფრთხოების ავტორიზაციას.

„დღეს პირველი უსაფრთხოების ავტორიზაცია გაიცა ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის, შპს „თბილისი დრაი პორტისთვის“, რომელიც არის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი. განაცხადების მიღება გრძელდება. პროცესის ეფექტურად წარსამართად, სააგენტო აქტიურად უწევს კონსულტაციას  და თანამშრომლობს დარგში მოქმედ სარკინიგზო საწარმოებთან და ინფრასტრუქტურის მენეჯერებთან. მათ მიეწოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ, ახალი სარკინიგზო წესების დაკმაყოფილება“, - განაცხადა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ერეკლე კეჟერაშვილმა.

მისივე თქმით, უსფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება ხელს შეუწყობს სარკინიგზო უსაფრთოხების დონის გაუმჯობესებას, ამასთან უზრუნველყოფს ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში.

უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებმა დადგენილი ფორმის განცხადებით და თანდართული დოკუმენტაციით 1 მაისამდე უნდა მიმართონ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს. სარკინიგზო სისტემაში უკვე მოქმედი სუბიექტებისთვის დაწესებულია გარდამავალი პერიოდი; განცხადების წარმოდგენა სავალდებულოა 1 მაისამდე, თუმცა, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მათ უწყვეტად შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება.

მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ წარმოდგენილ განცხადებას, სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად, თან დაერთოს მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის მიერ შემუშავებული უსაფრთხოების მართვის სისტემა, სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დანართი V-ის მოთხოვნების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზე: rta.gov.ge