თბილისი (GBC) - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, მყისიერი გადახდების სისტემა (IPS) წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი და ყველაზე სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანა იქნება.

ეკატერინე გალდავამ "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, რომ სისტემის სრულად ამოქმედების შემდეგ გადარიცხვა/ჩარიცხვბის და თანხის დაბრუნების ოპერაციები მყისიერად განხორციელდება.

ამასთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურა კომერციულ ბანკებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს ბიზნესპროცესების დაგეგმვაში დაეხმარება და ფინანსურ ინკლუზიურობასაც გააძლიერებს.

გალდავა პროექტის წლის ბოლოსთვის დასრულებას ვარაუდობს. მანამდე აუცილებელია სებ-ის სისტემების სრულად აშენება და მიმდინარე პროექტების დასრულება. სებ-ს მნიშვნელოვანი მიზნები აქვს, რაც 1-2 წელიწადში უნდა მოესწროს.

მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. მყისიერი გადახდა საბანკო სისტემაში ლიკვიდობის მოძრაობას გააუმჯობესებს.

"პროექტი ადვილი ნამდვილად არ არის, თუმცა ძალიან ახლო მომავალში ახალ პროექტებზე გადავალთ. აღნიშნული პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მოსახლეობას გადარიცხვების შესრულებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ფინანსური სტაბილურობის კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ ტოკენიზირებული გადახდები (უსაფრთხოების ტექნოლოგია, რომელიც საბანკო ბარათის 16-ნიშნა მონაცემების ნაცვლად უნიკალურ ციფრულ კოდს (ტოკენს) იყენებს) ხშირად მხოლოდ ტელეფონებთან და საბარათე სქემებთან ასოცირდება. თუმცა, როდესაც მყისიერ გადახდებზე ვსაუბრობთ, საქმე სხვა ტიპის ოპერაციებთან გვაქვს — ეს არის ანგარიშიდან ანგარიშზე თანხის გადარიცხვები, ჩარიცხვები და თანხის დაბრუნებები. დღეს მომხმარებლები ძირითადად საბარათე ანგარიშებზე არიან ორიენტირებული და ხშირად გვგონია, რომ ბარათი ყველაფერია, თუმცა მის უკან მრავალი სხვა სერვისი დგას, რომლითაც მომავალში უფრო აქტიურად შევძლებთ სარგებლობას", - აღნიშნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ახალ სისტემაზე დეტალურად საუბრისას.