თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) ცნობით, სააგენტო Moody’s-მა (Moody’s Investors Service) პირველად მიანიჭა TBC PLC-ს გრძელვადიანი ემიტენტის რეიტინგი Ba3 და მოკლევადიანი რეიტინგი NP (Not Prime).

ჯგუფში აღნიშნავენ, რომ ეს რეიტინგები ასახავს TBC PLC-ს შვილობილი TBC Bank-ის ფინანსურ სიძლიერეს, რადგანაც იგი წარმოადგენს ჯგუფის ძირითადი აქტივებისა და შემოსავლის წყაროს. ორივე სტრუქტურის ფინანსური მაჩვენებლები დიდწილად თანხვედრაშია. შესაბამისად, TBC PLC-ს გრძელვადიანი რეიტინგი Ba3 ეფუძნება TBC Bank-ის დამოუკიდებელ კრედიტუნარიანობას.

რეიტინგებს შორის ერთი საფეხურით განსხვავება (TBC Bank-ის ba2 საკვანძო საკრედიტო შეფასებასთან შედარებით) ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ TBC PLC-ის უფროსი არაუზრუნველყოფილი კრედიტორები სტრუქტურულად დაქვემდებარებული არიან ბანკის კრედიტორებთან მიმართებით. ანუ, ჰოლდინგური კომპანიის კრედიტორები დაკმაყოფილების რიგში შემდეგ ადგილს იკავებენ, რადგან TBC PLC არ აწარმოებს ოპერაციულ საქმიანობას და მისი ფინანსური რესურსები ძირითადად მის შვილობილ ბანკზეა დამოკიდებული. სწორედ ამ სტრუქტურული დაქვემდებარების გამოა რეიტინგში ერთი საფეხურით ჩამორჩენა, რაც Moody’s-ის საკრედიტო რეიტინგების მეთოდოლოგიის შესაბამისად გავრცელებული პრაქტიკაა ჰოლდინგური სტრუქტურებისთვის.

ცნობისთვის, მეთოდოლოგიის თანახმად, NP მიუთითებს უფრო მაღალ საკრედიტო რისკზე მოკლევადიან პერიოდში, რომ ემიტენტს (ამ შემთხვევაში, TBC Bank Group PLC) შეიძლება ჰქონდეს შეზღუდული ან გაურკვეველი შესაძლებლობა, დროულად დაფაროს მოკლევადიანი სასესხო ვალდებულებები. Ba3 კი მიუთითებს, რომ კომპანია ამჟამად სტაბილურია და შეუძლია თავისი ვალდებულებების შესრულება, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი რისკები - განსაკუთრებით თუ პირობები გაუარესდება.