თბილისი (GBC) – რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი – თბილისის მშრალი პორტი, რომელშიც $21 მლნ–ის თავდაპირველი ინვესტიცია ჩაიდო, სატესტო რეჟიმში მუშაობის შემდეგ ოფიციალურად სამშაბათს, 3 ივნისს გაიხსნა. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მშრალი პორტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ოფიციალურად იხსნება და სრულფასოვან ფუნქციონირებას იწყებს თბილისის მშრალი პორტი - რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი“.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის  უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში.

„თბილისის მშრალი პორტი 28.5 ჰექტარ  ტერიტორიაზე 3 ფაზად შენდება; უკვე ამოქმედდა  პირველი ფაზა, რაშიც ჩაიდო 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია  და ამ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ შესაძლებელია წელიწადში 100 000 კონტეინერის დამუშავება. დარჩენილი ფაზების დასრულების შემდეგ მისი სიმძლავრე 200 000 კონტეინერამდე გაიზრდება. ეს არის  უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც შეემატა ჩვენს ქვეყანას და ეს ობიექტი ჩვენს  საზღვაო პორტებთან ერთად, როგორიც არის  ფოთის, ბათუმის და შემდეგ უკვე ანაკლიის პორტები, საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში", - განაცხადა პრემიერმა.

2024 წელს არაბული „აბუ-დაბი პორტს გრუპი“ (AD Ports Group) „თბილისის მშრალი პორტის“ 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორი გახდა.