თბილისი (GBC) – რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტით დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14 სუბიქტიდან 3 (შპს „ეიაიფორი“, შპს „აბცექს“ და შპს „რაპირა გრუპ“) საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არცერთია სების ზედამხედველობაში,- ეროვნული ბანკის პარასკევის განცხადებაში ასევე აღნიშნულია:

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის  ჩატარებული მოკვლევით, სანქცირებული კომპანიებიდან საქართველო არ იყო არცერთის საქმიანობის არეალი. ამასთან, მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები.

აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლის და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.

ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება.

შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას)  საქართველოს რეიტინგი შეადგენს "მნიშვნელოვნად შესაბამისს" (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს“.

რაპირა გრუპ-ს რეგისტრაცია ივნისში აქვს გაუქმებული. ეიაიფორიზე რეესტრში ბოლო განახლება, ცვლილებაზე,  მაისის ბოლოს იძებნება: "ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის" (405 101 367) განცხადება ეიაიფორის (400 361 559) კუთვნილი უძრავი ქონების რეგიტრაციის ცვლილებაზე. "ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის" მიმართვაა აბცექსზეც (400 400 295).