თბილისი (GBC) - ZEG Storytelling Festival-ის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. ღონისძიების ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ფესტივალის მიზნების, პროგრამის დეტალებისა და მომხსენებლების შესახებ ისაუბრეს. 

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით უკვე მეხუთედ ბრუნდება და წელს 13-15 ივნისს კვლავ თბილისში ჩატარდება. ღონისძიება სამ დღეს გაგრძელდება და 6 პარალელურ სცენაზე უმასპინძლებს პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებს, მასტერკლასებს, ვორქშოფებს, გამოფენებს, ქალაქის ტურებს, კინოჩვენებებსა და შემოქმედებით აქტივობებს.

ფესტივალი მრავალფეროვანია, როგორც მომხსენებლების, ისე თემების მიმართულებით და აერთიანებს სხვადასხვა დარგის 100-ზე მეტ პროფესიონალს, რომლებიც ისაუბრებენ მსოფლიოს ახალ პერსპექტივებზე, პირად ისტორიებზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ლიდერობაზე, მხატვრობაზე, ფილოსოფიაზე, არქიტექტურაზე, მედიაზე, ფოტოგრაფიაზე, კინოსა თუ მედიცინაზე და გაგვიზიარებენ მსოფლიოსა, თუ პირად საქმიანობაში მომხდარ გამორჩეულ, საინტერესო ამბებს.

მომხსენებლებს შორის არიან ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი; ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი; The New Yorker-ის ჟურნალისტი, მწერალი და ბესტსელერი წიგნის "The Moth and the Mountain" ავტორი ედ სიზარი; წამყვანი ამერიკელი პედიატრი სემა ჯილანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ავღანეთში, ისრაელში, ღაზას სექტორში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში დაზარალებულებთან; ადამ ფეიზი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი, ავტორი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა „How Moving” და „River Fork”; ინოვაციური და მდგრადი ურბანული დიზაინის ცნობილი ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა; წელს კვლავ ვუმასპინძლებთ სატირიკოსს, აღიარებული სატელევიზიო სერიალებისა და ფილმების, „Veep“-ის და "სტალინის სიკვდილის" ავტორს არმანდო იანუჩის; ასევე უკრაინელ ფილოსოფოსს ვოლოდიმირ ერმოლენკოს და უამრავ სხვა საინტერესო სპიკერს.

სიტყვა ZEG იდეალურად ასახავს ჩვენს მისიას: აღმოვაჩინოთ და გავაზიაროთ ამბები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღეს, არამედ მის მიღმაც. გვჯერა, რომ საინტერესო ამბის თხრობა მოითხოვს დისციპლინებს შორის ბარიერების დამსხვრევას და სწორედ ამიტომ ვაერთიანებთ ცნობილ მწერლებს, მოაზროვნეებს, კინორეჟისორებს, ჟურნალისტებს, მეწარმეებსა და ხელოვანებს ZEG-ის გარშემო.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს

თიბისი კონცეპტის სადებეტო ბარათით შეძენისას ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: TBC Concept, UN Women, European Cultural Foundation, Coca-Cola, Cellfie, BMW, Luminate, Culture of Solidarity Fund, Setanta Sports, Swiss Agency for Development and Cooperation, The Embassy of The Kingdom of The Netherlands in Georgia, Windfor’s, Reckless, AI Accountability Network - Pulitzer Center, Tbilisi Architecture Biennial, IRCT - International Rehabilitation Council of Torture Victims, United Against Torture, Embassy of Sweden in Georgia, Royal Norwegian Embassy in Tbilisi, Embassy of Denmark in Georgia, Adjara Group, Honore, Monkey Shoulder, Aprili Media, AT.ge.