თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციის ავტორებსა და მის მხარდამჭერებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ან დიალოგის სურვილი არ აქვთ.
სამხარაძის თქმით, დოკუმენტის პირველადი ვერსია ფაქტობრივად არ განსხვავდება წინა ვერსიებისგან და მასში საერთოდ არ არის ასახული ქვეყანაში ბოლო 12 თვის განმავლობაში მომხდარი განვითარება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ასამბლეის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ანგარიშში ჩასაწერად შედგა და ის არაფრის მომტანი იყო.
საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ რეზოლუციის პროექტით აზრს კარგავს და ყოველგვარ გამართლებას კარგავს PACE-ს მოთხოვნა ორგანიზაციაში საქართველოს დელეგაციის სამუშაოდ დაბრუნების შესახებ. მისი განმარტებით, დოკუმენტის „დრაფტში“ დადასტურებულია 2025 წლის იანვრის რეზოლუცია, რაც თავის დროზე ასამბლეაში საქართველოს საქმიანობის შეჩერების მიზეზი გახდა. სამხარაძემ აღნიშნა, რომ გასული წელიწად-ნახევრის შემდეგ წინა ჩანაწერის უცვლელად დადასტურების ფონზე, ქართული მხარე გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს და დელეგაცია PACE-ში მანამ არ დაბრუნდება, სანამ მისი მანდატები სრულყოფილად და უპირობოდ არ იქნება ცნობილი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ დებატებს გამართავს და კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს სახელწოდებით „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, რომელსაც მომხსენებლები ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი წარადგენენ.
დოკუმენტის პროექტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში განუწყვეტლივ გრძელდება დემოკრატიული უკუსვლა, ასევე ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ოპოზიციასა და განსხვავებულ აზრზე. ამასთან, ტექსტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია ხელისუფლების მიერ არ არის გათვალისწინებული.