თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ₾53 მლნ-ზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის, დანაშაულებრივი შემოსავლების ლეგალიზაციისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მასშტაბური სქემა გამოავლინა.

საქმეზე ჩატარებული 1 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ამ ეტაპზე ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრია დაკავებული, 3 მიმალვაში მყოფ პირზე კი ძებნა გამოცხადდება. გარდა ამისა, ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობენ, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებს შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. ისინი პირადი ინტერესებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, წლების განმავლობაში ხელს უწყობდნენ დანაშაულებრივი სქემის ფუნქციონირებას.

გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფართომასშტაბიანი ქსელი ქვეყანაში 2018–2025 წლებში მოქმედებდა და პროცესს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები ორგანიზებდნენ. დანაშაულის დასაფარად, მედიკამენტები დოკუმენტურად ფორმდებოდა ფიქტიური ფარმაცევტული კომპანიების სახელზე, თუმცა რეალურად, ყოველგვარი რეცეპტისა და ნებართვის გარეშე, მაღალი ფასნამატით საცალოდ იყიდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისეთ ობიექტებში, რომლებსაც აფთიაქის სტატუსიც კი არ გააჩნდათ.

ამ დროისთვის დადგენილია, რომ უკანონო ვაჭრობით მიღებულმა შემოსავალმა 53 833 723 ლარი შეადგინა. თანხების ლეგალიზაციისთვის, კრიმინალური შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელფასებისა და დივიდენდების სახით ფორმდებოდა, რის შემდეგაც ბრალდებულებმა დიდი ოდენობით უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინეს. აღნიშნული აქტივები სრულად არის დაყადაღებული, საიდანაც მომავალში სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდება.

საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გუგა თავბერიძის განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყება აფრთხილებს სფეროში მოქმედ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომ სახელმწიფო მსგავსი დანაშაულების მიმართ, რომლებიც აზიანებს ბიუჯეტს და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლეს, იქნება განსაკუთრებით მკაცრი.

აღნიშნული მასშტაბური ღონისძიება საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით განახორციელა.