თბილისი (GBC) – „სახელმწიფო საწარმო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა. 

როგორც სახელმწიფო კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ვანო ზარდიაშვილი გენერალური დირექტორის პოსტს 2025 წლიდან იკავებს, იქამდე კი ამავე კომპანიაში სხვადასხვა პოზიციები ეკავა.

უფრო კონკრეტულად, 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე კი იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი.

რეესტრის მონაცემებით, სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის ცვლილება გასულ თვეში ორჯერ აისახა. 8 აპრილს გენერალური დირექტორის პოზიციაზე გიორგი გიგინეიშვილი შეცვალა დავით ტეტუნაშვილმა, ხოლო უკვე 16 აპრილის ამონაწერით, რეესტრში სახელმწიფო კომპანიის გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილია მითითებული.

ცნობისთვის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 100%-იანი წილი სახელმწიფო საკუთრებაშია. რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დასაქმებამდე მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. დეპუტატის მანდატი მას 2019 წელს შეუწყდა, რის შემდეგაც, 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.