თბილისი (GBC) - საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო საავტომობილო" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის" შემოტანის ფაქტი.

ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი, რომლის დეტალური დათვალიერებისას, აღმოჩენილი იქნა კუსტარულად დამზადებული დამატებითი საწვავის ავზში, მალულად განთავსებული 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის" შემცველი სითხე.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.