ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახის გაშენებას და ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობას ისახავს მიზნად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და შპს “შატო ზეგაანს“ შორის გაფორმდა.

ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და შპს “შატო ზეგაანის“ დირექტორმა ლიანა ზუბაშვილმა.

მემორანდუმს საფუძვლად უდევს 2016 წლის 23 სექტემბერს ხელმოწერილი სანოტარო აქტი, რომელიც ითვალისწინებს ლევილის მამულის პარკის მოვლა-განვითარებას, სადაც საპატიო ადგილს ქართული ჯიშის ხეები და ხეხილი დაიკავებს, ხოლო მიწის ერთ მონაკვეთზე უნდა გაშენდეს ქართული ვენახი.

“შატო ზეგაანი“ ლევილის მამულის ტერიტორიაზე ვენახის გაშენების მიზნით, უსასყიდლოდ, თავისი ფინანსური რესურსითა და პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებებს.