თბილისი (GBC) – თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიმსუქნის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია წამოიწყო – ამიერიდან თურქეთში ხალხს ქუჩებში, საჯაროდ აწონიან. გამოცემა Berliner Morgenpost წერს, რომ სანიტარიული სამსახურების წარმომადგენლები უკვე აჩერებენ მოქალაქეებს სკვერებში, ავტობუსის გაჩერებებთან და სტადიონებთან და სიმაღლესა და წონას უზომავენ.

გაზომვის შემდეგ გამოიანგარიშებენ სხეულის მასის ინდექსს: თუ ეს მაჩვენებელი უდრის 25–ს, ან მეტია, მოსუქებულ მოქალაქეს ექიმთან აგზავნიან, სადაც იგი წონაში დაკლების რეკომენდაციას მიიღებს. კამპანიის დევიზია „გაიგე შენი წონა – იცხოვრე ჯანმრთელად“ და 10 ივლისამდე გაგრძელდება.

კამპანიის ფარგლებში დაახლოებით 10 მილიონი მოქალაქის აწონვა იგეგმება, რაც თურქეთის მოსახლეობის ერთი მერვედია.

ჯანმოს მონაცემებით, თურქეთის მოქალაქეების 30%–ზე მეტი ჭარბწონიანობას უჩივის. ეს დაახლოებით ორჯერ აღემატება ენვროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. მაგალითად, გერმანიაში, მოსახლეობის 19 პროცენტია ჭარბწონიანი.