თბილისი (GBC) - გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც წევრ ქვეყნებს იურიდიულად ავალდებულებს, შეამცირონ წიაღისეული საწვავის გამოყენება და გააძლიერონ ბრძოლა კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ. დოკუმენტს მხარი 141-მა სახელმწიფომ დაუჭირა, მათ შორის საქართველომ.
აღნიშნული რეზოლუცია, რომელიც კუნძულოვანმა სახელმწიფომ, ვანუატუმ წარადგინა, ადასტურებს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს 2025 წლის ივლისის დასკვნას. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერიში, ასამბლეის მიერ გადაწყვეტილების მიღებას მიესალმა.
ვინ მისცა ხმა წინააღმდეგ?
ისტორიულ შეთანხმებას წინააღმდეგობა რვა ქვეყანამ გაუწია, რომელთა შორის მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები და ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოები არიან:
- აშშ
- რუსეთი
- ბელარუსი
- საუდის არაბეთი
- ისრაელი
- ირანი
- ლიბერია
- იემენი
გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ტემი ბრიუსმა, პოზიცია იმით ახსნა, რომ რეზოლუცია შეიცავს „მიუღებელ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც წიაღისეულ საწვავს უკავშირდება“. გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, თებერვალში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად ცდილობდა სხვა ქვეყნების დარწმუნებას, რათა ვანუატუზე ზეწოლა მოეხდინათ და დოკუმენტი უკან გაეწვევინებინათ.
კენჭისყრისას თავი შეიკავეს ნავთობის მწარმოებელმა ქვეყნებმა (კატარი, ნიგერია) და კლიმატის მომავალი სამიტის, COP31-ის მონაწილეებმა, მათ შორის თურქეთმა და ინდოეთმა.
რა სამართლებრივი ძალა აქვს დოკუმენტს?
როგორც The Guardian წერს, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს თავდაპირველი დასკვნა პირდაპირ იურიდიულად სავალდებულო არ არის, გენერალური ასამბლეის რეზოლუცია პროცესს სხვა წონას აძლევს.
ეს დოკუმენტი უკვე აქტიურად გამოიყენება კლიმატთან დაკავშირებულ მიმდინარე სასამართლო პროცესებში მთელ მსოფლიოში, და მოსამართლეები გადაწყვეტილებების მიღებისას მასზე სულ უფრო ხშირად მიუთითებენ.