თბილისი (GBC) - 2026 წლის აპრილში ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, როგორც გალტ & თაგარტის ელექტროენერგიის ბაზარის მიმოხილვიდან ირკვევა, ამავე დროს, ჰიდროგენერაცია 19.3%-ით შემცირდა, რაც ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება. შედეგად, თბოგენერაციისა და იმპორტის ერთობლივი წილი ჯამურ მიწოდებაში 20.7%-მდე გაიზარდა, 2021-25 წლების აპრილის საშუალო 6%-თან შედარებით

გალტ & თაგარტის მკლვლევარები აღნიშნავაენ, რომ აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს ჰიდროგენერაციაზე დამოკიდებულებით გამოწვეულ მოწყვლადობას და ახალი გენერაციის წყაროების დაჩქარებული განვითარების საჭიროებას.

2026 წლის პირველ ოთხ თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6.6%-ით გაიზარდა 5.1 ტვტ.სთ-მდე. გალტ & თაგარტის შეფასებით, ზრდა განსაკუთრებით ცივ ზამთარს და ფეროშენადნობების სექტორების გააქტიურებას უკავშირდება.

2026 წლის პირველ ოთხ თვეში, თბოგენერაციისა და იმპორტის წილმა ჯამურ მიწოდებაში 44.3% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება (39.2%). ზრდა ძირითადად აპრილში სუსტ ჰიდროლოგიასა და წლის დასაწყისში ენგურის წყალსაცავში დაბალ წყლის დონეს უკავშირდებოდა.

ამასთან, თურქეთი 2026 წლის 4 თვიდან უკვე 3 თვეში იყო იმპორტის მთავარ წყაროებს შორის, რაც იმპორტში გაზრდილ კონკურენციასა და შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს.

მთლიანობაში, იმპორტისა და თბოგენერაციის მაღალი წილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალი გენერაციის დაჩქარებული განვითარების საჭიროებას.

ადგილობრივი მოხმარება 2026 წლის აპრილში 1.1 ტვტ.სთ იყო, რაც წლიურად 2.1%-იანი ზრდაა. ამ ზრდას საცალო მომხმარებლები (+5.1% წ/წ) და აფხაზეთი (+7.3% წ/წ) განაპირობებდა. პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება წლიურად 8.5%-ით შემცირდა, ძირითადად კრიპტო მაინინგისა და მონაცემთა ცენტრების კომპანიების დაბალი აქტივობის გამო.