თბილისი (GBC) – აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდალი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი კრისტოფერ დონაჰიუ, რომელიც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის კოორდინაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, სამხედრო სამსახურს ვადამდე დატოვებს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი საკადრო ცვლილებების ფარგლებში მიიღეს.

მოსალოდნელია, რომ დონაჰიუ გადადგომის შესახებ უახლოეს დღეებში განაცხადებს, ხოლო სამხედრო სამსახურს ოფიციალურად ივლისში დაასრულებს.

გენერალი დონაჰიუ მრავალ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა და მსახურობდა ერაყსა და სირიაში. ის ისტორიაში შევიდა, როგორც უკანასკნელი ამერიკელი სამხედრო, რომელმაც 2021 წელს აშშ-ის ჯარების გაყვანის დროს ავღანეთი დატოვა.

ბოლო წლებში დონაჰიუ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების კოორდინაციაში, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პირობებში. მისი თანამდებობიდან წასვლის ოფიციალური მიზეზები არ სახელდება.

ამასთან, Financial Times აღნიშნავს, რომ ჰეგსეტი არაერთხელ აკრიტიკებდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ავღანეთიდან ამერიკული ჯარების ქაოსური გამოყვანის გამო და ამ მოვლენების გამოძიებაც დაიწყო.

დონაჰიუს გადადგომა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის, გენერალ რენდი ჯორჯის გათავისუფლებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ ხდება. გამოცემის ცნობით, მსგავსი საკადრო გადაწყვეტილებები ამერიკელ სამხედროებში შეშფოთებას იწვევს.

აშშ-ის არმიის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ ბოლო პერიოდში პენტაგონში გაურკვევლობისა და შიშის ატმოსფერო შეიქმნა.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჰეგსეტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ან დაწინაურება შეუჩერა ათობით მაღალჩინოსან სამხედრო პირს, მათ შორის გაერთიანებული შტაბების უფროსების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, გენერალ ჩარლზ ბრაუნს და სხვ.