თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 3 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "პროგრესი არ არის მიღწეული".

არა, დღეს მასთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია. გვქონდა სატელეფონო საუბარი. ეს საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის ირანზე და ასევე, როგორც იცით, უკრაინასთან ომზე და მე ამით არ ვარ კმაყოფილი, არ ვარ კმაყოფილი“, - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან.

ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შეჩერების შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ მიწოდება არ შეჩერებულა.

ჩვენ არ შეგვიწყვეტია, ჩვენ ვაძლევთ იარაღს, რადგან ძალიან ბევრი იარაღი მივეცით. ჩვენ ვაძლევთ იარაღს და ვმუშაობთ მათთან და ვცდილობთ დავეხმაროთ მათ. იცით, ბაიდენმა მთელი ჩვენი ქვეყანა დააცარიელა იარაღის მიცემით და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საკმარისი გვაქვს საკუთარი თავისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.

პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინაზე, მათ შორის - კიევზეც.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, „აბსოლუტურად საშინელი და უძილო ღამე კიევში. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ღამე, რაც კი აქამდე ყოფილა. ასობით რუსული დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა უკრაინის დედაქალაქში, სწორედ მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა. ის ამას გამიზნულად აკეთებს. საკმარისია ლოდინი! პუტინი აშკარად აჩვენებს თავის სრულ უგულებელყოფას შეერთებული შტატების და ყველას მიმართ, ვინც ომის დასრულებისკენ მოუწოდებს".

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს დაუყოვნებლივ უნდა დაეკისროს სანქციები.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირველი სატელეფონო საუბარი ინაუგურაციიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2025 წლის 12 თებერვალს გამართა. მათ შორის დღემდე სულ ექვსი სატელეფონო საუბარი შედგა.