თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 29 ივნისს, FOX News-თან განაცხადა, რომ TikTok-ის ყიდვის მსურველი იპოვა.

ტრამპი განმარტავს, რომ აპლიკაციის შეძენის სურვილი „ძალიან მდიდარი ადამიანების“ ჯგუფს აქვს, რომელთა შესახებაც დეტალურად დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ისაუბრებს.

„სხვათა შორის, TikTok-ისთვის მყიდველი გვყავს. ვფიქრობ, ალბათ ჩინეთის ნებართვა დამჭირდება და ვფიქრობ, პრეზიდენტი სი ალბათ ამას გააკეთებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა FOX News-თან.

ინფორმაციისთვის, დაახლოებით ათი დღის წინ, ტრამპმა ხელი მოაწერა ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის აკრძალვის კიდევ სამი თვით გადადებას.

ამასთან, აშშ–ს 46–ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2024 წლის აპრილში ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმად, თუ TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance ვიდეოაპლიკაციას ამერიკულ კომპანიებს არ მიჰყიდის, აშშ-ში TikTok დაიბლოკება. ბოლო ვადად დასახელებული იყო 2025 წლის 19 იანვარი.

კონგრესში კანონის მიღების აუცილებლობა იმით ახსნეს, რომ პეკინის მოთხოვნით TikTok-ს შეუძლია ამერიკელი მომხმარებლების პირადი მონაცემები ჩინეთის მთავრობას გადასცეს, რაც შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.

დონალდ ტრამპმა თავისი განკარგულებებით კანონის ამოქმედება სამჯერ გადაავადა. ბოლოს 19 ივნისს, კიდევ 90 დღით.

2025 წლის 4 აპრილს ტრამპი ირწმუნებოდა, რომ მის ადმინისტრაცია თანამშრომლობდა ოთხ სხვადასხვა ჯგუფთან TikTok-ის სავარაუდო შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა, მას ეს ჯგუფები არ დაუსახელებია.