თბილისი (GBC) - III კვარტალში გამოკითხული კომპანიების 30.4%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები, რაც შეეხება IV კვარტლის მოლოდინს, გამოკითხულ კომპანიათა 29.5% ვარაუდობს გაყიდვების ფასების ზრდას. 

ბიზნეს ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს რუსეთ-უკრაინის ომის გამო სამშენებლო მასალებზე ფასის გაძვირებას და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდას.

ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორში შეინიშნება, ვინაიდან გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ მცირე ნაწილმა გაზარდა ფასები თავიანთ პროდუქციაზე 2022 წლის III კვარტალში.

ფასების კლებას ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორში ელიან - გამოკითხულთა 10%. ამავე სექტორში ფასის ზრდას გამოკითხულთა 34% ელის, დანარჩენი კომპანიები კი იმედოვნებენ რომ ფასები არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება.

მომსახურების სექტორში ფასების ზრდას კომპანიათა 27% ელის, 70% კი უცვლელად შენარჩუნებას.

ამასთან, კვლევის მიხედვით მნიშვნელოვნად შემცირდა იმ კომპანიების წილი (11 პროცენტული პუნქტით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები.

ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სპეციალისტების ნაკლებობა, სამუშაო ძალის ნაკლებობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები.