თბილისი (GBC) – „ბრიტანულ-ქართული აკადემიისა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებელი პარტნიორები ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს ღია წერილით მიმართავენ, რომელშიც სს „საქართველოს კაპიტალს“ და მის ხელმძღვანელს ირაკლი გილაურს მათი ბიზნესის სრულად მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სკოლების წილის 100%–დან 70% გილაურის კომპანიამ 2019 წელს იმ პირობით მიიღო, რომ სასწავლო დაწესებულებების სწრაფი განვითარების მიზნით ათობით მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა, რაც, სკოლის დამფუძნებლების თქმით, მას არ შეუსრულებია.

ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის ღია წერილს გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძისადმი სრულად გთავაზობთ:

„ბატონო გიორგი,

მოგმართავთ „ბრიტანულ-ქართული აკადემიისა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებელი პარტნიორები, ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე.

არაერთი ღია წერილი მივუძღვენით იმას, თუ როგორ ცდილობს სს „საქართველოს კაპიტალის“ ხელმძღვანელი ირაკლი გილაური, მიიტაცოს ჩვენი ბიზნესი, რომლებიც ჩვენ ავაშენეთ და ვაქციეთ საერთაშორისო სტანდარტების, მაღალი რეპუტაციის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებად. ირაკლი გილაურმა კი, გარდა იმისა, რომ მოტყუებით მიიღო ჩვენი 100% წილიდან 70% და არ შეასრულა საინვესტიციო ვალდებულებები, განიზრახა მიეტაცებინა ჩვენი ბიზნესი, რის სისრულეში მოსაყვანადაც, ჯერ დირექტორის თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლა ნათია ჯანაშია, ხოლო შემდეგ ბრუტალური გზებით მოახდინა სკოლის ოკუპაცია. რომ არა ირაკლი გილაურის შესაძლო პირადი გავლენები საჯარო რეესტრზე, სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოზე, სამართლებრივად სწორი გზებით ის ვერ შეძლებდა დირექტორის ცვლილებასა და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე  ზემოქმედებას.

ირაკლი გილაურის დავალებით, ძალის გამოყენებითა და პოლიციის უკანონო ჩარევით განხორციელდა სკოლის თანამშრომლების დაშინება და გამოყვანა სკოლის შენობიდან. პირადი კავშირების წყალობით, ირაკლი გილაური განაგრძობს სკოლის ოკუპაციასა და უკანონო ქმედებების ჩადენას. ჩვენ, სკოლის დამფუძნებელ პარტნიორებს, გვიკრძალავს ჩვენ მიერ აშენებულ სკოლაში შესვლას. სკოლის შენობაში შესვლა გვეკრძალება არამხოლოდ, როგორც პარტნიორებს, არამედ, როგორც სკოლის მოსწავლეების მშობლებსაც, რითაც ირაკლი გილაური არღვევს ჩვენი ოთხი არასრულწლოვანი შვილის უფლებებს.

გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ირაკლი გილაურის დავალებით, შეგნებულად მიმდინარეობს სკოლისათვის დამაზიანებელი ქმედებების განხორციელება, რათა გვაიძულოს, დავუთმოთ ჩვენი წილი და ამით დაასრულოს ჩვენი ბიზნესის მიტაცების პროცესი. სკოლისათვის დამაზიანებელი ქმედებების განხორციელების ვარაუდს გვიმყარებს ის გარემოებაც, რომ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, სკოლის თვითმარქვია მენეჯმენტი არ გვაწვდის სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომლის მიღების უფლება, მე, ნათია ჯანაშიას, როგორც 30%-ის მესაკუთრე პარტნიორს, კანონით მაქვს მონიჭებული. აღნიშნულ ქმედებებს ირაკლი გილაური სწორედ მისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ახორციელებს, რაც გამოიხატება ფიქტიური დირექტორის სახელით მასწავლებლების სამსახურიდან განთავისუფლებაში, არაკვალიფიციური კადრების მენეჯერულ თანამდებობაზე დანიშვნაში, ჩვენი სკოლის მასწავლებლების მისი მმართველობის ქვეშ არსებულ სკოლაში გადაყვანით, რამაც იმოქმედა სკოლის რეპუტაციაზე და შეუქცევადი პროცესი გამოიწვია მოსწავლეების სკოლიდან გადინებაში.

ჩვენი ბრძოლა ასევე გრძელდება დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, სადაც გილაურის მიერ მართული ბრიტანული კომპანიის აქციები დაშვებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ლონდონში რეგისტრირებული Georgia Capital PLC და საქართველოში რეგისტრირებული სს „საქართველოს კაპიტალი“ ერთი მენეჯმენტის მიერ იმართება და ქართული კომპანიით ოპერირების მიზანი შესაძლო სისხლისსამართლებრივი და სხვა უკანონო ქმედებებიდან გამომდინარე შედეგების ბრიტანული კომპანიისათვის თავიდან აცილებაა. იმავდროულად, გილაური მანიპულირებს ბრიტანული კომპანიით, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაშვებული კომპანიის საქმიანი რეპუტაციით შევიდეს „საინვესტიციო“ გარიგებებში.

უკვე რამდენიმე თვეა ირაკლი გილაურის მიმართ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას პროკურატურის მხრიდან და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებას. გთხოვთ, დროულად მიიღოთ შესაბამისი ზომები, დაიწყოთ გამოძიება და გამოვლენილი გარემოებებიდან გამომდინარე მისცეთ პასუხისგებაში დამნაშავე პირები, რომელთა ქმედებებითაც ყოველდღიურად შეუქცევადი ზიანი გვადგება, როგორც ჩვენ, სკოლის დამფუძნებლებს, ასევე სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს, რომლებიც იძულებულნი არიან ირაკლი გილაურის დანაშაულებრივი ქმედებების გამო სხვა სკოლებში გადავიდნენ, მათ შორის ჩვენი ოთხი არასრულწლოვანი შვილიც“. 

 

(R)