თბილისი (GBC) – ევროკავშირი იმ ფიზიკური პირების სიაზე მუშაობს, რომელიც შესაძლოა ანტირუსული სანქციების მეცხრე პაკეტში მოხვდნენ. ამასთან, სანქციების ახალი პაკეტის შემუშავება ჯერ არ დაწყებულა. ამის შესახებ გაზეთი Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გაზეთის ცნობით, სანქციების მეცხრე პაკეტი, შესაძლოა, ფიზიკური პირების ფართო წრეს შეეხოს. როგორც მოსალოდნელია, მასში მოხვდებიან „რუსი პოლიტიკოსები, პროპაგანდისტები, კომპანიების ხელმძღვანელები და სხვა პირები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კლეპტოკრატიულ რეჟიმთან არიან დაკავშირებული“.

გაზეთი წერს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა იმ ადამიანების ვრცელი სია შეადგინეს, რომლებიც სანქციებში მოხვდებიან. ამ სიაზე ამჟამად ევროკომისიაში მუშაობენ, სადაც უნდა დარწმუნდნენ ამ ადამიანების კავშირებზე რუსეთ–უკრაინის ომთან. ეს კი იმისთვისაა აუცილებელი, რომ სანქციები სასამართლოში ვერ გაასაჩივრონ, წერს გამოცემა.

Politico–ს წყაროების ცნობით, სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა ევროკომისიას ოფიციალურად ჯერ არ დაუწყია. ევროკომისიის თანამშრომლები რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად ჯერ მხოლოდ ტესტავენ შესაძლო შეზღუდვებს.

ევროკავშირმა რუსეთს, უკრაინაზე თავდასხმის გამო, სანქციების მერვე პაკეტი ოქტომბერში დაუწესა. რამდენიმე ქვეყანა სანქციების მეცხრე პაკეტის შემოღებას ითხოვს. ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ჟოზეფ ბორელი მანამდე ამბობდა, რომ გაერთიანების ქვეყნები ჯერ არ არიან მზად სანქციების ახალი პაკეტისთვის.