თბილისი (GBC) - მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და მისმა მოკავშირეებმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ შეარჩიეს გუნდი, რომელიც უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროპას წარმოადგენს, ბრიუსელი კიდევ უფრო რთული დილემის წინაშე დგას, აირჩიოს მკაცრი ხაზი მოსკოვის მიმართ, თუ უფრო მოქნილ და ეტაპობრივ მიდგომას მიმართოს. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

გასულ კვირას აბუ-დაბიში აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის გამართულ შეხვედრაში ევროპა ფაქტობრივად არ მონაწილეობდა, თუმცა კრემლმა და თეთრმა სახლმა მიანიშნეს, რომ მომდევნო რაუნდებზე ვითარება შეიცვლება. რამდენიმედღიანი უთანხმოების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რეგიონს ოთხი წამყვანი ქვეყნის: საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის წარმომადგენლები, ასევე დიდი ბრიტანეთის, NATO-ს, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მაღალჩინოსნები წარმოადგენენ.

ამჟამად ევროპელი დიპლომატების მთავარი გამოწვევა „წითელი ხაზებისა“ და სამოქმედო მანდატის განსაზღვრაა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი მიიჩნევს, რომ ევროპამ მოლაპარაკებები მაქსიმალური მოთხოვნებით უნდა დაიწყოს და რუსეთისგან წინასწარი დათმობები მოითხოვოს. კალასის პოზიციას იზიარებენ ბალტიისპირეთის, სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების მინისტრებიც. ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, პირველ რიგში პუტინმა ცეცხლი უნდა შეწყვიტოს, რასაც სამშვიდობო მოლაპარაკებები და უკრაინისა და რეგიონის უსაფრთხოების გარანტიების განხილვა მოჰყვება.

განსხვავებულ, შედარებით რბილ მიდგომას ემხრობიან სხვა ქვეყნები, მათ შორის ავსტრია. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეატე მაინლ-რაიზინგერმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს 15-პუნქტიანი დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც ნდობის აღდგენის ზომებს, მათ შორის შეზღუდულ ან ნაწილობრივ ზავს და სამშვიდობო შეთანხმების მონიტორინგის საერთაშორისო ფორუმის შექმნას ითვალისწინებს.

დაძაბულობის შემცირების იდეებზე საუბრობს ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ესპენ ბართ ეიდეც, რომელიც მხარეებს ცივი ომის დროინდელი, 1975 წლის „ჰელსინკის აქტისა“ და შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმებების გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ NATO-ს ქვეყნებში ალიანსის ძალების განლაგების საკითხი რუსეთთან განხილვას არ ექვემდებარება.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირში ასევე კამათობენ იმაზე, თუ ვინ უნდა შეიმუშაოს მომლაპარაკებელთა მანდატი, საგარეო საქმეთა მინისტრებმა თუ ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა (ელჩებმა). ამასთან, პროცესს ართულებს ისიც, რომ აღნიშნული მანდატი მხოლოდ ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შეზღუდავს და არ გავრცელდება დიდ ბრიტანეთსა და NATO-ზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი უკრაინაზე ყოველდღიურ იერიშებს განაგრძობს, ევროპელი მომლაპარაკებლები პრაგმატული მიდგომის ფარგლებში უკვე შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ აბუ-დაბიში მოლაპარაკებები უახლოეს კვირებში ცეცხლის წინასწარი შეწყვეტის გარეშეც განახლდება.