თბილისი (GBC) – სვანეთი უკვე მეორედ Freeride World Tour-ის საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლებს. ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ, მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს, როგორც თხილამურებით, ასევე სნოუბორდით. 

Freeride-ის კვირეულის ფარგლებში, გაიმართება შეჯიბრებები თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სადაც

დაახლოებით ორმოცდაათამდე ქართველი და უცხოელი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრის პარალელურად დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, გასტრონომიული და გასართობი პროგრამაც. Freeride - ის კვირეული წარმატებით ჩატარდა გასულ წელსაც, სადაც სპორტსმენები მსოფლიოს 16 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.

ფრირაიდის მე - 2 საკვალიფიკაციო შეჯიბრის დაჯილდოებას (18 – 19 მარტს) დაესწრებიან მხარდამჭერი სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი მერიისა და სვანეთი DMO - ს წარმომადგენლები.

შეჯიბრის  მხარდამჭერები არიან: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, მთის ტრასების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი,სვანეთის DMO, ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია პროექტ GRETA-ს ფარგლებში, და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია. Freeride World Tour-ის ორგანიზატორია ქართული კომპანია white rabbit, რომელსაც მიღებული აქვს Freeride World Tour-ის აკრედიტაცია.

მსგავსი ღონისძიების ჩატარება მნიშვნელოვანია, ვინაიდან წამოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით. გაზრდის ცნობადობას ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას .