თბილისი (GBC) - კახეთის რეგიონში 12,4 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჩაბარებული მოსავლიდან 6,8 ათასი ტონა საფერავს, 1,7 ათასი ტონა რქაწითელს, ხოლო დანარჩენი ნაწილი სხვადასხვა ჯიშის ყურძენს უკავია.

რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე 400-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. მიმდინარე წელს კახეთში მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ფიზიკური პირებისგან ყურძენს დადგენილი პირობებით ჩაიბარებს:

  • საფერავი: კონდიციური და დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 21%) - 1.50 ლარი; არაკონდიციური/ნაწილობრივ დაზიანებული (შაქრიანობა 17%-21%) - 0.90 ლარი; დაზიანებული ან 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 0.30 ლარი.
  • სხვა ჯიშები: დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 20%) 0 1.30 ლარი; შაქრიანობა 17%-20% - 0.80 ლარი; 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 0.30 ლარი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის ნომრებზე (1501 ან 032 2 19 37 18) შეუძლიათ.