თბილისი (GBC) - გამოცემა POLITICO-ს ცნობით, აბუ-დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებიდან სულ რამდენიმე საათში, ხუთშაბათს, კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ იერიშები განაახლა და კიევს ბალისტიკური რაკეტებითა და 123 მოიერიშე დრონით შეუტია.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ 94 დრონი ჩამოაგდო, თუმცა რაკეტების განეიტრალება ვერ მოხერხდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრები გაჩნდა რივნესა და ჟიტომირის ოლქებშიც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აიღო და განაცხადა, რომ სამიზნე დრონების საწარმოო ობიექტები და ელექტროქვესადგურები იყო. თავის მხრივ, მოსკოვმა განაცხადა, რომ ღამით რვა რეგიონის თავზე დაახლოებით 70 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.
ორმხრივი იერიშები წინ უსწრებდა აშშ-ის შუამავლობით გამართული სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულებას. მართალია, მხარეები სამხედრო ტყვეთა მორიგ მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა ტერიტორიებისა და მომავალ მოლაპარაკებებში ევროპის ჩართულობის საკითხებმა მოლაპარაკებების მაგიდასთან მწვავე დებატები გამოიწვია.
უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ შეხვედრას ერთ-ერთი ყველაზე რთული უწოდა და აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ მკაცრი მოთხოვნები წამოაყენა და კომპრომისისთვის მცირე სივრცე დატოვა. მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ უკრაინას „გამსკდარი აბსცესი“ უწოდა და განაცხადა, რომ „მათი მიწის თითოეული სანტიმეტრი დაბრუნდება“. უკრაინის ტერიტორიების მოთხოვნის გარდა, კრემლმა ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაც მოითხოვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიული საკითხი ბოლო რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, ამერიკელი შუამავლები კი ძირითადად დონბასის რეგიონთან დაკავშირებული დავის გადაჭრის სხვადასხვა გზაზე მუშაობდნენ. „მათ მიაჩნიათ, რომ ამ ომის შესაჩერებლად საკუთარი ტერიტორია უნდა დავტოვოთ. შეუძლებელია ჩვენთან ასე საუბარი, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება. ისინი სხვადასხვა ვარიაციის პოვნას ცდილობენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ ოთხშაბათს დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მაღალჩინოსანმა წყარომ, რომელმაც POLITICO-სთან ანონიმურობის დაცვით ისაუბრა, განმარტა, რომ განხილული იდეებიდან ერთ-ერთი გულისხმობდა ომის შეჩერებას ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე, რის შემდეგაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილები ადმინისტრაციულად სხვა ოლქის იურისდიქციას დაექვემდებარებოდა. „თუმცა ეს დაახლოებით მილიონი სხვადასხვა იდეიდან მხოლოდ ერთ-ერთი იყო. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა ოდესმე აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად“, - დასძინა გამოცემის წყარომ.
