თბილისი (GBC) - დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მეტროს 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია, რომელიც 2023 დაიწყება და 2029 წელს დასრულდება 55 მლნ ევრო დაიხარჯება. თბილისის მერის განმარტებით, ამჟამად 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის კონცეპტუალური დიზაინის შემუშავების ტენდერი მიმდინარეობს. მისივე თქმით, ტენდერში მონაწილეობის სურვილი 11-მა საერთაშორისო კომპანიამ და კომპანიათა გაერთიანებამ დააფიქსირა

კახა კალაძის მტკიცებით: "ტენდერის ამ ეტაპზე ფასდება აღნიშნული კომპანიების საკვალიფიკაციო მონაცემები, რათა შედგეს “მოკლე სია” და გადავიდეთ ტენდერის მომდევნო ეტაპზე - ფინანსური წინადადების განხილვა და გამარჯვებული კომპანიების გამოვლენა”.

მერის განმარტებით, ტენდერის ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდება პროექტირებისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის, რაც წლის ბოლოსთვის იგეგმება. 

კალაძემ ასევე ვარკეთილისა და ავლაბრის მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რკინა-ბეტონის თაღის გეომეტრიული პარამეტრების სივრცული სკანირება განხორციელდა, რის შედეგადაც გამოვლენილი ზედაპირის უსწორმასწორობის შესაბამისად, საპროექტო კომპანიის მიერ ჭერის პროექტი განახლდა. თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე, მშენებელი კომპანია ჭერის მასალების დამამზადებელ კომპანიასთან ერთად ამუშავებს საინჟინრო-სამონტაჟო დეტალებს, რათა დამზადდეს ჭერის მასალები.

„ჭერის პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობამ გარკვეულწილად შეაფერხა სამუშაოების პროცესი, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა მან.

კალაძის თქმით, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

„რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 ესკალატორს. გაუმჯობესდება შშმ პირებისთვის მეტროსადგურების ხელმისაწვდომობა, განახლდება სადრენაჟე, ვენტილაციის, მგზავრთა საინფორმაციო და სატელეფონო კავშირის სისტემები. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, ესკალატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო და მართვის პანელები, მომზადდება დანარჩენი პროექტები მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.