თბილისი (GBC) – საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ 28 მაისიდან შევლენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოი ციენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს ორშაბათს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინარული პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლის პროცედურები.

„შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე. საქართველოსა და ჩინეთს შორის შემოღებული უვიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ გამოხატულებასა და თანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით.

ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები, სსრკ–ის დაშლის შემდეგ, 1992 წელს დამყარდა.

ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება 2017 წლის 13 მაისს გაფორმდა.

საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას 2023 წელს მოაწერეს ხელი.