თბილისი (GBC) - რე/ბანკი (პაშა ბანკის ბრენდი) მომხმარებელს ანგარიშების გაუქმებაზე ატყობინებს. 20 მაისიდან უქმდება Top|Card -ის საკრედიტო ანგარიში, თუმცა ამავე საკრედიტო ბარათის სადებეტო ანგარიში რჩება პაშა ბანკში და ავტომატურად არ გაუქმდება, ვიდრე მფლობელი არ მიმართავს, შესაბამისი მოთხოვნით.
Top|Card-ით ტრანზაქციები 13 მაისიდან შეზღუდულია, თუმცა მფლობელმა მინიმალურის შეტანის თარიღს მაინც არ უნდა გადააცილოს, რომ არ დაჯარიმდეს.
20 მაისიდან საკრედიტო ანგარიში გადაინაცვლებს ლიბერთიში, რომელმაც პაშა ბანკის საცალო პორტფელი 2 თვის წინ შეისყიდა და დაანონსებულ ვადაში დაასრულა კიდეც მიგრირება.
Top|Card-ის მფლობელს ლიბერთიში, იგივე სახელწოდებით, განსხვავებული დიზაინის ბარათს გადასცემენ, პირობები არ შეიცვლება. ვისაც ახალი ბარათის აღება არ სურს, ლიბერთიში გახსნილ საბარათე ანგარიშს, არსებული გრაფიკით შეავსებს.
ლიბერთის გუნდი Top Card-ის 45 000 მომხმარებლის შემოერთებით მოხარულია. მენეჯმენტს გაცხადებული აქვს, რომ გამსხვილება, უნივერსალიზაციის გზაზე სტრატეგიული ნაბიჯი იყო, რომლითაც უნიკალური საკრედიტო ბარათი ხელმისაწვდომი ხდება ლიბერთის 1 700 000 მომხმარებლისთვისაც.
ბარათის უნიკალურობა მის შესაძლებლობებშია, ერთგვარი სამი ერთშია, ერთ საკრედიტო მიმართულებაშია, განვადება და განაწილებაც. ამასთან ბარათმა, თავისი არსებობის პერიოდში პარტნიორების დიდი ქსელი შემოიკრიბა და ლიბერთი ამ ობიექტებთან თანამშრომლობის გააქტიურებას აპირებს.
პაშა ბანკის (აზერბაიჯანული კაპიტალის) რე|ბანკს კი ამ დროისთვის საცალო მიმართულებაში მხოლოდ ფიზიკური პირების მიმდინარე ანგარიშები, მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტები რჩება. სესხები მხოლოდ იურიდიული პირებისთვის გაიცემა.
პაშა ბანკმა სტრატეგიის ცვლილებაზე, რომ 2024-2026 წლებში კორპორაციულ ბიზნესზე ფოკუსირდებოდა, თებერვალში განაცხადა.
ბანკი, აზერბაიჯანული კაპიტალით, რომელიც რეორგანიზაციამდე 4 სერვისცენტრით ოპერირებდა, მ.შ. სამით რე/ბანკის (თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში), ამ დროისთვის მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალური ფილიალით (ზაარბრიუკენის მოედანზე) არის წარმოდგენილი.
(ბიზნესპარტნიიორი)