თბილისი (GBC) - კავკასიის უნივერსიტეტის (CU) ლექტორის სოსო ბერიკაშვილის თქმით, CU-ს პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი "ბიძინას გინება" დაუსახელა. მისივე თქმით, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და უნივერსიტეტიდან რეორგანიზაციის საბაბით გაუშვეს. „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა კახა შენგელიამ BMG-ის განუცხადა, რომ ტყუილია, ეკონომიკის სკოლის დეკანის სოსო ბერიკაშვილის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. მისი თქმით, ის სოსო ბერიკაშვილის მუშაობით უკმაყოფილო იყო. კახა შენგელიას მტკიცებით: "მთელმა უნივერსიტეტმა იცის, რა პრობლემები მქონდა მასთან ურთიერთობაში. ბორდის სხდომა ისე არ ჩატარებულა, მისთვის საყვედური არ მეთქვას. ისე მოხდა, რომ უბრალოდ ამ დღეებს დაემთხვა ეს ამბავი... ნინო ჟიჟილაშვილი მყავს უნივერსიტეტში და არა მარტო... ხომ შემეძლო ისიც გამეშვა, თუ ეგეთი დავალება მქონდა?!".
კავკასიის უნივერისტეტის სტუდენტური მოძრაობის განცხადებით კი: „კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება გამორჩეული ლექტორისა და ეკონომიკის დეკანის სოსო ბერიკაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ხელისუფლების მიერ წამოწყებული რეპრესიული ქმედებების ნათელი მაგალითია.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ სოსო ბერიკაშვილს, რომელიც უსამართლო სისტემის მსხვერპლია. ეს რეპუტაციულ ზიანს აყენებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს. ჩვენ ვგმობთ ბატონი კახა შენგელიას გადაწყვეტილებას. უნივერსიტეტს არ ქმნიან ერთეული პირები. უნივერსიტეტს ვქმნით ჩვენ, სტუდენტები!
მოვუწოდებთ კავკასიის უნივერსიტეტის სხვა ლექტორებს, რომლებიც ჩვენ გვერდით დგანან ასეთ მნიშვნელოვან დროს: არ დაირღვეს ერთიანობა და ის სულისკვეთება, რომელიც სწორედ ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან თქვენ ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა! თქვენგანაც იმავეს ველოდებით!“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში CU-ს ლექტორი, ნიკო ნერგაძე ეხმიანება და წერს: „კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University-ში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი. ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება. ამ ხნის განმავლობაში ვნახე, თუ როგორ გახდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის არაერთი კურსდამთავრებული ლიდერი თავის სფეროში. ამჟამინდელი სტუდენტებით (გინდა საბაკალავრო, გინდა მაგისტრატურა) ნებისმიერი დასავლური უნივერსიტეტი იამაყებდა.
კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი.
ვფიქრობდი, მომენატრებიან სტუდენტები, ლექტორები და მედიის სკოლის ადმინისტრაცია მეთქი, მაგრამ აქციების გაშუქების დროს მაინც ყველას ხშირად შევხვდები“.
ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი სოციალურ ქსელში წერს: "ბოლო 10 წელია, სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი, მათ შორის, 4 წელია - კავკასიის უნივერსიტეტში. მედიის სკოლის ყველა სტუდენტი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და ეროვნული ღირებულებისადმი პატივისცემით სავსე ახალგაზრდაა. მათგან ბევრი რამ მისწავლია და ვსწავლობ ახლაც. სწორედ, მათი პატივისცემითა და სიყვარულით, მიმდინარე სემესტრს დავხურავ. ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ".
ამასთან, მას შემდეგ, რაც კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა რომ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ლევან ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს".
შეგახსენებთ უნივერსიტეტების სიას, რომლებმაც უმაღლესი სასწავლებლების ერთობლივ განცხადებას ხელი არ მოაწერეს:
▪︎ თავისუფალი უნივერსიტეტი - Free University
▪︎ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University
▪︎ საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia
▪︎ BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
▪︎ GIPA
▪︎ Webster University Georgia
▪︎ აგრარული უნივერსიტეტი • Agricultural University
▪︎ Alte University • ალტე უნივერსიტეტი
▪︎ Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი
▪︎ New Vision University - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
▪︎ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი • SabaUni
▪︎ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
ცნობისთვის, პარლამენტის სხდომის პარალელურად, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოსთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ ერთ თვეზე მეტია, რაც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ დემონსტრაციები მიმდინარეობს.
პარლამენტთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.