თბილისი (GBC) - საქართველოს მიმართულებით ფრენებს British Airways და easyJet იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყება.

კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, პირველ ფრენა 30 მარტს შესრულდება.

უფრო კონკრეტულად, ოფიციალური ინფორმაციით, ავიარეისები შემდეგი მიმართულებებით და განრიგით შესრულდება:

  • British Airways ფრენებს შეასრულებს 30 მარტიდან ლონდონი - თბილისი - ლონდონის საჰაერო ხაზზე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
  • easyJet UK რეგულარულ რეისებს განახორციელებს 1-ლი აპრილიდან ლონდონი - თბილისი - ლონდონის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს;
  • easyJet Switzerland ავიარეისებს შეასრულებს 31 მარტიდან ჟენევა - თბილისი - ჟენევას საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს;
  • easyJet Europe Airline GmbH ფრენებს შეასრულებს 1 აპრილიდან მილანი - თბილისი - მილანის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათს და შაბათს.

რაც შეეხება ფასებს, 30 მარტს, British Airways-ის ფრენა ლონდონი-თბილისის მიმართულებაზე 461 ევროდან იწყება, ხოლო, 1-ელ აპრილს easyJet Europe Airline GmbH-ის მიერ შესრულებულ მილანი-თბილისის რეისზე, აქციის ფარგლებში 194 ევრო იქნება (სააქციო ფასის გარეშე 245 ევრო).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიებს მიმდინარე წლის 14 მარტს მიანიჭა.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განმარტავს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ის საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბრუნება და წამყვანი მულტინაციონალური დაბალბიუჯეტური EasyJet-ის ჯგუფში შემავალი ავიაკომპანიების შემოსვლა დადებითად აისახება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე.