თბილისი (GBC) – დარიალის საბაჟოზე ინფორმაციული სისტემის მოშლის გამო რუსეთიდან საქართველოში ყველა სახის ავტოტრანსპორტის შემოსვლა შეწყდა 7 დეკემბრის 22:20 საათიდან. ამის შესახებ რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამმართველოზე დაყრდნობით წერს. 

„საქართველოს სასაზღვრო სამმართველოს თხოვნით, ინფორმაციულ სისტემაში შექმნილი ხარვეზის გამო, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე „დარიალი“ ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა საგანგებო განკარგულების გაცემამდე დარჩება ძალაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.