თბილისი (GBC) - საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ზედამხედველობისა და ინსპექტირების ფარგლებში ჩატარებული შემოწმებების შედეგად, კომპანიები ჯამში 25 000 ლარით დაჯარიმდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში 5 კომპანიაში 15 შემოწმება განხორციელდა, რომლის მიზანი საწარმოებში ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება იყო. აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ეტაპზე კონტროლი რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა:

  • საინსპექციო კონტროლი: 44 კომპანიაში ჩატარდა 213 ინსპექტირება სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ლოტების გადასამოწმებლად. აღებული 557 ნიმუშიდან შეუსაბამობა 4 კომპანიის 9 ნიმუშში გამოვლინდა.
  • გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი): საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების (Bureau Veritas და SGS) მიერ 66 კომპანიის პროდუქცია შემოწმდა. აღებული 273 ნიმუშიდან შეუსაბამობა 8 კომპანიის 12 ნიმუშში დაფიქსირდა.

ჩატარებული კონტროლის შედეგად, ჯამში 10 კომპანიის 19 ნიმუშთან დაკავშირებით 17 ჯარიმა გამოიწერა.

„დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობამ 25 000 ლარი შეადგინა. ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს. გასულ წლებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს“, - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.