თბილისი (GBC) - 1Q26-ში ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტვირთბრუნვისა და გემთშესვლის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. კომპანია APM Terminals Poti-ის მიერ გავრცელებული მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში პორტმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტი კონტეინერი დაამუშავა.

კერძოდ, 1Q26-ში დამუშავდა 153 462 TEU (ოცფუტიანი კონტეინერი), რაც აღემატება 2025 წლის (146 468 TEU) და 2024 წლის (126 512 TEU) ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლებს.

სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება:

მაჩვენებელი 2026 (I კვარტალი) 2025 (I კვარტალი) 2024 (I კვარტალი)
კონტეინერები (TEU)  153 462 146 468  126 512
საკონტეინერო გემები 94 81  74
დამუშავებული ტვირთი (ტონა) 63 758 82 369 37 281

კომპანიის განმარტებით, წელს დაფიქსირდა დამუშავებული კონტეინერებისა და მიღებული საკონტეინერო გემების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. წლის დასაწყისიდან დღემდე ფოთის პორტმა 94 საკონტეინერო გემს უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ APM Terminals Poti წარმოადგენს გლობალური გიგანტის, Maersk ჯგუფის წევრ კომპანიას. APM Terminals მსოფლიოს 35 ქვეყანაში 62 სანავსადგურე ინფრასტრუქტურასა და ტერმინალს მართავს, ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერირებას კი 2011 წლიდან ახორციელებს.