თბილისი (GBC) - IT სფეროში მომუშავე უცხოელი სპეციალისტები, რომელთა წლიური შემოსავალი $25 000-ის ეკვივალენტს აღემატება, საქართველოში 3 წლით ბინადრობის ნებართვას სპეციალური პირობებით მიიღებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოში  IT ტექნოლოგიების ექსპორტმა ₾2 მლრდ-ს გადააჭარბა.

ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, განსაკუთრებით კი IT მიმართულებით ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად საქართველო ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად რეგიონში ტექნოლოგიური IT კომპანიებისთვის.

“ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 150-ზე მეტი საერთაშორისო გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის ოფისი გაიხსნა. საქართველოში ათასობით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ თავად კომპანიებიც აქტიურად ახორციელებენ ინვესტირებას ადგილობრივი კადრების ზრდაში და ამით ქართველ სპეციალისტებს საშუალება მიეცათ, საქართველოს დატოვების გარეშე, იმუშაონ საერთაშორისო კომპანიებში გლობალურ პროექტებზე. შედეგად, 2 მლრდ ლარს გადააჭარბა IT ტექნოლოგიების ექსპორტმა, რაც უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ეკოსისტემის გაუმჯობესებისათვის საქართველოს მთავრობამ, სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი მექანიზმები შეიმუშავა, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში IT მიმართულებით კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებასა და ზრდას, IT ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას.