თბილისი (GBC) - თბილისის მერმა კახა კალძემ დღეს, 27 ნოემბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ავლაბრის“ მეტროსადგურის ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაცია დასრულებულია. მერიამ სამუშაოები „ბადა ქონსთრაქშენს“ დაუკვეთა, რომელსაც კიდევ ერთი მეტროსადგურის - „ვარკეთილის“ სრული რეაბილიტაცია აქვს ჩაბარებული. სხდომაზე კალაძემ ასევე დასძინა, რომ არ აქვთ დიდი გამოცდილება მეტროსადგურების განახლების მიმართულებით. "სერიოზული პრობლემები შეგვხვდა, როდესაც დავიწყეთ სამუშაოები", - განაცხადა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, სამუშაოების შესრულების დროს გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, რამაც განაპირობა ის, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ დასრულდა შესაბამის ვადებში. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადა შეადგენდა რვა თვეს, მაგრამ სადგურის სახურავის ფენების დემონტაჟის შედეგად სადგურის ვესტიბიულის რკინაბეტონის თაღსა და კონსოლზე აუცილებელი გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით.

"იმის გათვალისწინებით, რომ მგზავრთა უსაფრთხოება წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს, სადგურის კონსტრუქციულ მდგრადობაზე ჩატარდა არაერთი დამატებითი კვლევა. საბოლოოდ, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა პროექტის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც გამოიწვია ვადების გადაწევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე გადაცილება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კორექტირებული პროექტის მიხედვით, გამაგრდა სადგურის რკინა-ბეტონის თაღი და კოლონები, სრულად შეიცვალა სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენები, მოეწყო მიწისქვეშა წყლებისგან დამცავი გარე სადრენაჟე სისტემა, შეიცვალა სადგურის ინტერიერი და ფასადი, ზედაპირები მოპირკეთდა თანამედროვე მასალებით, გამოიცვალა იატაკის ფილები, განახლდა განათების, საინფორმაციო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები და სხვა.

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, სამუშაოები ჩატარდა სადგურის დაკეტვისა და მგზავრთა შეფერხების გარეშე, სამშენებლო კომპანია „ბადა ქონსთრაქშენის“ მიერ.

რაც შეეხება სამუშაოების ჯამურ ღირებულებას, თბილისის მერის ინფორმაციით, ის, დაახლოებით, ₾4 მლნ-ს შეადგენს.

„ჩვენ არ გვაქვს დიდი გამოცდილება მეტროსადგურების განახლების მიმართულებით. სერიოზული პრობლემები შეგვხვდა, როდესაც დავიწყეთ სამუშაოები. პრობლემებია პროექტის შედგენის პროცესში. როდესაც უშუალოდ ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას, იკვეთება ძალიან ბევრი პრობლემა, რაც კონკრეტულად „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროცესში გამოჩნდა. იგივეა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციასთან მიმართებაში. მას შემდეგ, რაც კომუნისტების დროს ეს პროექტები განხორციელდა, ხელი არავის უხლია და რეალურად არავინ იცის, რა მდგომარეობაა კონკრეტულ ადგილზე, ვიდრე უშუალოდ არ დაიწყებ სამუშაოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თემა, რათა თითოეული მოქალაქე იყოს დაცული. დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს ემსახურება მეტრო და უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ვარკეთილში“ სამუშაოების დაწყებიდან 23 თვე 2024 წლის 21 ნოემბერს გავიდა. თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჯერ კიდევ უცნობია, როდის ექნება დედაქალაქის გარეუბანს განახლებული მეტროსადგური. საბოლოო თარიღის დასადგენად საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა, რასაც კომპანია ბოლო რამდენიმე კვირაა ელოდება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო თვეებია, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტორი „ბადა ქონსთრაქშენისთვის“ თანხა არ გადაუხდია. 2022 წლის 21 დეკემბერს​ ხელშეკრულება დაიდო 13,4 მილიონი ლარის მომსახურებაზე, საიდანაც კომპანიას მიღებული აქვს 3 მილიონ ლარამდე, თანხის 22 პროცენტი.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციისთვის გათვლილი 18-თვიანი ვადა 21 ივნისს ამოიწურა. 2024 წლის 1 თებერვალს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდებოდა.