თბილისი (GBC) – აშშ-ის კოლუმბიის ოლქის რაიონულმა სასამართლომ აღასრულა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც თურქულ კომპანია ENKA-ს საქართველომ $383 მილიონის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. დარიცხული პროცენტების გათვალისწინებით. გადასახდელმა თანხამ უკვე $400 მილიონს გადააჭარბა.

სააგენტო haqqin.az-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის კოლუმბიის ოლქის რაიონული სასამართლოს საქმის მასალებიდან (ENKA Renewables LLC v. Georgia) ირკვევა.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საერთაშორისო სავაჭრო პალატამ 2024 წლის დეკემბერში გამოიტანა. თანხაზე პროცენტები ყოველკვარტალურად ირიცხება.

საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნამოხვანის ჰესის პროექტი არსებული ფორმით აღარ განხორციელდებოდა.

იმ დროისთვის ENKA-ს პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებში დაახლოებით $100 მილიონი ჰქონდა ინვესტირებული. პროექტის ჯამური ღირებულება $800 მილიონად იყო შეფასებული.